იაპონიის საიმპერატორო ტაზტზე აკიჰიტოს უფროსი შვილი, ნარუჰიტო ავიდა, რის შემდეგაც იაპონიაში ახალი "რეივას" ეპოქა დაიწყო, რაც ჰარმონიასა და წესრიგს გულისხმობს. ის იაპონიის 126-ე იმპერატორი იქნება.

ფოტო: Reuters

59 წლის ნარუჰიტო ტახტზე მას შემდეგ ავიდა, რაც მამამისმა იმპერატორმა აკიჰიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის გამო ტახტზე უარი თქვა. ეს იყო პირველი შემთხვევაა 200 წლის განმავლობაში, როდესაც იაპონიის იმპერატორი ტახტზე უარს ამბობს.

იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორი იყო და მსოფლიოში ყველაზე ძველი დინასტიის წარმომადგენელია, რომელიც VI საუკუნის შემდეგ არ შეწყვეტილა. ის ტახტზე 1989 წლის 7 იანვარს მამამისის, იმპერატორი ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

1817 წლის შემდეგ აკიჰიტო გახდა პირველი იმპერატორი, რომელმაც ტახტზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა ის ყველა პრივილეგიასა და სახელმწიფო უზრუნველყოფას შეინარჩუნებს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ყველა საიმპერატორო წესის მიხედვით დაკრძალავენ.