ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლევან მურუსიძეს უთხრა, რომ ის "პიარკამპანიის ჭანჭიკად" იქცა.

ამ განცხადებით შალვა შავგულიძემ უპასუხა ლევან მურუსიძის განცხადებას. კერძოდ, მურუსიძემ უთხრა შავგულიძეს, რომ სულხან მოლაშვილი წამების საქმეში ხელს ადებდა გიგა ბოკერიას, შავგულიძე იცავდა მოლაშვილის ოჯახის ინტერესებს და დღეს იმ პარტიის წევრია, ვისაც ხელს ადებდა მოლაშვილი.

შალვა შავგულიძის თქმით, ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ამას არავინ ეკითხება მოსამართლეს.

"ბატონო ლევან! სამწუხაროდ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ჭანჭიკად. მეტ ფრაზას ვერ გამოვიყენებ. ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ამას არავინ ეკითხება მოსამართლეს. ეს შეკითხვა არ შეიძლება მოსამართლემ დასვას. სამწუხაროდ, ვრწმუნდებით და სწორია ის მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომელსაც წარმოადგენთ", — განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, ლევან მურუსიძემ შეცდომა დაუშვა, რადგან ის ევროპული საქართველოს წევრი არ არის.

"ჩვენ გვაქვს სარჩევნო ბლოკი... მე არ ვარ პარტიის წევრი და თქვენ არავინ გეკითხებათ, ერთ პარტიას რომელ პარტიასთან ექნება საარჩევნო ბლოკი", — აღნიშნა შავგულიძემ.