"თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში, ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არის პოლიტიკოსების ბრალი", — ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში პირისპირ განაცხადა.

ლევან მურუსიძემ უპასუხა გირგვლიანის საქმის ყოფილ ადვოკატს, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს, რომელმაც ის პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

შალვა შავგულიძის თქმით, სამოსამართლეო ეთიკა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას კრძალავს და მურუსიძემ ხშირად მიიტანა მასზე შეტევა პოლიტიკური განცხადებებით. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ დაიწყო შეტევა, როგორც საარჩევნო კანდიდატზე და ამ გზას აგრძელებს ლევან მურუსიძეც, "დღევანდელი დებატები კი ამის მაგალითია".

ლევან მურუსიძემ უპასუხა შალვა შავგულიძეს და თქვა, რომ როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ვალდებულია დაიცვას სასამართლო პოლიტიკისგან. მისი თქმით, ის ვერ დატოვებს უყურადღებოდ, როცა საუბრობენ, რომ სასამართლოში არის კლანი და "პირდაპირ ლანძღავენ მოსამართლეთა კორპუსს".

"არ მაინტერესებს ბატონი შალვა რომელ პოლიტიკურ პარტიებს გაუერთიანდა, ეს არის მისი საქმე, მაგრამ, რომ იყენებს ჩემს სახელს და იძახის, რომ მურუსიძის გამო მე გავხდი იძულებული, რომ საქართველოში აღვადგინო სამართლიანობა და გავუერთიანდი ერთ კონკრეტულ პარტიას, ჩემი სახელის ხსენება გახდა ჩემთვის პრობლემა. თქვენ რომ არ გეხსენებინათ ჩემი სახელი, პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო რომ არ გაერიათ პოლიტიკაში, მე ვიქნებოდი მშვიდად, მაგრამ ახლა ჩემი, როგორც ასოციაციის თავმჯდომარის და მოსამართლის ვალდებულებაა, დავიცვა სასამართლო კორპუსი და მე თუ არ დავიცავი ჩემი თავი ვერ დავიცავ სასამართლო კორპუსს. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სასამართლო ჩაება პოლიტიკაში ეს არ არის სასამართლოს ბრალი, ეს არისა პოლიტიკოსების ბრალი", — განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შალვა შავგულიძემ პასუხად განაცხადა, რომ "ასე ძალიან მისი პერსონით დაკავებული, ისე როგორც მურუსიძეს ჰგონია, არასდროს ყოფილა".