ნინო ქათამაძის პროდიუსერმა ბუკა კარტოზიამ უარყო მისი ნათქვამის ფორმულირება, რომ მომღერალი "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებდა. ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად მან თავად დარეკა On.ge-ში.

"მიიღეს შეთავაზება ნიკოლოზ რაჭველმა და ნინომ, მაგრამ არ არის ნიკოლოზ რაჭველი სიაში, ნინო ვერ იმღერებს... მე თქვენ რანაირადაც დაგელაპარაკეთ, ასეთი რაღაც არ უნდა გაგეკეთებინათ... არ მომიყვანოთ მანდ... იდიოტი, ესა... იდიოტი ხარ... კითხვა დაუსვი ბებიაშენს... ნინო ქათამაძე იზიარებს ოჯახის ღირებულებებს, ამაზე უარს ვინ იტყვის. უბრალოდ, ვერ იმღერებს... რას ემიჯნება მნიშვნელობა არ აქვს...", — თქვა ყვირილით პროდიუსერმა.

თავად მომღერალი, ნინო ქათამაძე განმარტავს, რომ თუ პატრიარქი დაურეკავს, "ოჯახის სიწმინდის დღისთვის" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, აქვე აზუსტებს, რომ ეს ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ მოხდება. ამის შესახებ ქათამაძემ On.ge-ს განუცხადა.

"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან რთულია, როცა პატრიარქის სახელით გელაპარაკებიან... თუ დამირეკავს პატრიარქი, მე უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ არა უმცირესობების დამცირების და არაღიარების ხარჯზე. თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს, ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე", — განმარტავს მომღერალი.

ნინო ქათამაძე ამბობს, მას პოზიციის დაფიქსირება არ აშინებს, უბრალოდ, არ უნდა, "უხეში ფონი იყოს წარმოთქმული". ქათამაძე განმარტავს, რომ მისი ყოველი მოქმედება ნიშნავს, რომ ის ემხრობა "არა ძალადობას".

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.