განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ On.ge-ს მომღერლის პროდიუსერი, ბუკა კარტოზია დაუკავშირდა. პროდიუსერმა თქვა, რომ მისი ნათქვამის არასწორი ფორმულირება მოხდა. მან აღნიშნა, რომ წინადადება — "ნინო ქათამაძე "ოჯახის სიწმინდის დღისთვის" არ იმღერებს" მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციაა.

ნინო ქათამაძე 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეზე" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ On.ge-ს ქათამაძის პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ განუცხადა.

კარტოზია ადასტურებს, რომ მსგავსი შემოთავაზება მომღერალმა საპატრიარქოსგან მიიღო. თუმცა, მისივე თქმით, ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეზე" იცეკვებს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები.