საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხვი წინა წელთან შედარებით 15,8 პროცენტით გაიზარდა და 98 935 ადამიანით განისაზღვრა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, იმიგრანტების რიცხოვნობა 5,9 პროცენტით გაიზარდა და 88 152 ადამიანი შეადგინა.

ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86,6 პროცენტი და იმიგრანტების 84,5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

საქსტატის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723,5 ათასი ადამიანი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0,2 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).