იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტი დატოვა. ეს პირველი შემთხვევაა 200 წლის განმავლობაში, როდესაც იაპონიის იმპერატორი ტახტზე უარს ამბობს.

BBC-ის ინფორმაციით, აკიჰიტომ იმპერატორის რანგში მოსახლეობას ბოლოჯერ მიმართა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. თავის დასკვნით სიტყვაში აკიჰიტომ იაპონიის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

85 წლის იმპერატორმა ტახტის დატოვების ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც განაცხადა, რომ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის მოვალეობებს ვეღარ ასრულებდა. ქვეყნის პარლამენტი იძულებული იყო, რომ 2017 წელს მიეღო სპეციალური კანონი, რომელიც აკიჰიტოს ტახტზე უარის თქმის საშუალებას მისცემდა.

იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

ტახტის დატოვების საოჯახო ცერემონიის ფარგლებში აკიჰიტომ თავისი განზრახვის შესახებ პირველად იაპონიის საიმპერატორო ოჯახის მითოლოგიურ წინაპრებს შეატყობინა. ძირითადი ცერემონია სასახლეში, მაცუ-ნო-მას დარბაზში გაიმართა. ცერემონიას 330 სტუმარი დაესწრო.

იმპერატორის ტახტს პირველ მაისს აკიჰიტოს შვილი, ნარუჰიტო დაიკავებს. ამავე დღიდან იაპონიაში ახალი ერა "რეივა" დაიწყება, რომელიც "ჰეისეის" ერას ჩაანაცვლებს.

აკიჰიტო იაპონიის 125-ე იმპერატორი იყო და მსოფლიოში ყველაზე ძველი დინასტიის წარმომადგენელია, რომელიც VI საუკუნის შემდეგ არ შეწყვეტილა. ის ტახტზე 1989 წლის 7 იანვარს მამამისის, იმპერატორი ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

1817 წლის შემდეგ აკიჰიტო გახდა პირველი იმპერატორი, რომელმაც ტახტზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა ის ყველა პრივილეგიასა და სახელმწიფო უზრუნველყოფას შეინარჩუნებს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ყველა საიმპერატორო წესის მიხედვით დაკრძალავენ.