ერთადერთი რამ, რაც თანოსის დამარცხებაზე რთულია, Avengers: Endgame-ის მთელი სეანსის განმავლობაში დარბაზში ჯდომაა.

შურისმაძიებლებზე შექმნილი ბოლო ფილმი, რომელიც მარველის სამყაროში ყველაზე ხანგრძლივ სურათად ითვლება, სამ საათსა და ერთ წუთს გრძელდება (თუ არ ჩავთვლით ტიტრებსა და დამატებით სცენებს). ის ამავდროულად 22-ფილმიანი სერიის კულმინაციაცაა, რომელშიც გასული ათწლეულის ყველაზე პოპულარული ფილმები შედის, მათ შორის, Iron Man, Captain America, Thor, Black Panther და Caption Marvel.

ფანები, რომლებმაც Endgame უკვე ნახეს, ფილმის ხანგრძლივობაზე ინტერნეტში ბევრს ხუმრობენ. ჰეშტეგზე #WhenShouldipee (#როდისმოვფსა) ნახავთ სხვადასხვა სტრატეგიას, რომელთა დახმარებითაც თქვენი სხეული და ძმები რუსოების კინოჩანაფიქრი მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.

"მთლიანად გამომშრალი ვარ და მზად ვარ, ტუალეტში გასვლის გარეშე ვნახო Avengers Endgame"

"ეს სპოილერი არაა! მინდოდა მეთქვა, რომ გარეთ გასვლის გარეშე ბოლომდე გავძელი"

"ყველას, ვინც კითხულობს, როდის შეუძლია ტუალეტში გასვლა ისე, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოტოვოს: ასეთი დრო უბრალოდ არ არსებობს. მოითმინეთ!"

თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ ამ სტატიას გადახედოთ. ავტორი მაქსიმალურად ცდილობს, სპოილერების გარეშე აღწეროს სცენა, რომლის დროსაც დარბაზის დატოვება შედარებით მიზანშეწონილია. ფილმის ბოლო საათში კი გირჩევთ, ეკრანს თვალი არ მოაცილოთ.

ელიზაბეტ კავალერი ნიუ-იორკის ლენოქს ჰილის საავადმყოფოს უროლოგი და საშარდე გზების შესახებ დაწერილი წიგნის ავტორია. მისი რჩევები დაგეხმარებათ, რომ სამი საათის განმავლობაში ადგილს არ მოსცილდეთ.

1. არაფერი ჭამოთ და დალიოთ ფილმის დაწყებამდე ერთი ან ორი საათით ადრე

თუ პოპკორნთან ერთად გაზიანი სასმელის დალევაც გიყვართ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი სითხე დამატებითი "სიმძიმეა", ტკბილი ან/და კოფეინიანი სასმელი აღიზიანებს შარდის ბუშტს, რაც შეკავებას კიდევ უფრო ართულებს.

2. და ისედაც, დღის განმავლობაში ბევრ წყალს ნუ მიიღებთ

წყლის დალევა სასარგებლოა და ეს ყველამ იცის, თუმცა რამდენი სითხე სჭირდება თითოეულ ადამიანს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველა საჭმელთან ერთად სითხის მიღება + წყურვილისას დალევა ხშირ შემთხვევაში სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, წყლის ყოველდღიური ნორმის 20%-ს ისედაც ხილიდან, ბოსტნეულიდან და სხვა სასმელებიდან ვიღებთ.

3. შედით ტუალეტში უშუალოდ სეანსის დაწყებამდე

თუკი ღამე, 7-8 საათის განმავლობაში ისე გძინავთ, რომ მოსაშარდად არ დგებით, დღის განმავლობაშიც შეძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდად ჯდომას. "ჯანმრთელი ადამიანი სამი საათით შარდის შეკავებას უპრობლემოდ შეძლებს", - ამბობს ექიმი.

4. თბილად ჩაიცვით

როცა გვცივა, კუნთები გვეჭიმება, რაც შეკავებას ართულებს. როგორც წესი, კინოთეატრებში ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ასე რომ, ჟაკეტი წაიყოლეთ.

5. იყიდეთ ბილეთი განაპირა ადგილზე

ზოგ შემთხვევაში ეს რჩევები არ იმუშავებს: მაგალითად, თუ ფეხმძიმედ ხართ ან უროლოგიური პრობლემა გაქვთ. ამ შემთხვევაში უბრალოდ იყიდეთ ბილეთი განაპირა ადგილას და იმაზე აღარ იდარდებთ, რომ სხვა ადამიანებს შეაწუხებთ.

თუ ეს რჩევებიც ვერ დაგეხმარებათ, მაშინ ნუ ინერვიულებთ: 2-3 წუთის გამოტოვება მთელ შთაბეჭდილებას არ გაგიფუჭებთ და არსებულ გამოხმაურებებს თუ დავუჯერებთ, შეიძლება ამ ფილმის სანახავად მეორედ ან მესამედაც კი დაბრუნდეთ.

ამავე თემაზე: