კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, კინოკლასიკის სექციაში წელს ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმს თეთრი ქარავანი უჩვენებენ. ჩვენებას დაესწრება თავად ელდარ შენგელაიაც.

კინოსურათი რეჟისორებმა 1963 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლებს იმედა კახიანი და არიადნა შენგელაია ასრულებენ. თეთრი ქარავანის სცენარი მერაბ ელიოზიშვილს ეკუთვნის.

ქართულ ფილმთან ერთად, კინოკლასიკის სექციაში უჩვენებენ სტენლი კუბრიკის The Shining-ს, ლუის ბუნუელის Nazarínს-ს, ასევე მილოშ ფორმანისა და ჟან რენუარის ფილმებს.

კანის კინოფესტივალის წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება სექცია განსაკუთრებულ ხედვას, აქ ჟიურის თავმჯდომარე ლიბანელი რეჟისორი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი კინომოვლენის Capernaum რეჟისორი, ნადინ ლაბაკია.

ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die გახსნის.

კინოსურათში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ.

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც დღის სინათლეს კანში იხილავს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman იქნება. თუმცა, დექსტერ ფლეტჩერის ეს ფილმი მონაწილეობას არ მიიღებს საკონკურსო პროგრამაში.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, ოქროს პალმის რტოსთვის ერთმანეთს 19 ფილმი შეეცილება.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება.