მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე ქრონიკის ჟურნალისტის შეკითხვას, როდის გამოჩნდა 26 მაისის საქმეში დღეს გასაჯაროებული ვიდეომასალა, უპასუხა:

"ჩანაწერი გამოჩნდა რამდენიმე თვის წინ. აღმოჩენილ იქნა სხვა საქმეზე, გამოძიებით მოპოვებულ იქნა სხვა საქმეზე. ფიზიკურად გამოძიებას ეს ჩანაწერი იქამდე რომ ჰქონოდა, უფრო ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებოდა იმ განაჩენის დასადგენად, რაც ვანო მერაბიშვილის მიმართ დადგა, სადაც ბრალდების მხარე მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ყველა მიმართულებიდან ჩაკეტილი იყო, მომიტინგეებს არ ჰქონდათ თავისუფალი გასასვლელი. ხოლო, დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ მომიტინგეებს დატოვებული ჰქონდათ გასასვლელი და მათ თავისუფლად შეეძლოთ გასვლა თავისუფლების მოედნის მიმართულებით".

მისი განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდა კუდის დანაყოფებს, რომელსაც დათა ახალაია და სხვა მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ:

"გამოძიება აქამდეც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ვიდეოჩანაწერზე, რომელიც გამოძიების მიერ იქნა მოპოვებული, დანიშნული იყო ექსპერტიზა. ექსპერტიზა გამოძიებაში მიღებული იქნა 2016 წლის 16 სექტემბერს. ექსპერტიზა დანიშნული იყო მის ავთენტურობასთან დაკავშირებით, ასევე ექსპერტიზა დანიშნული იყო კადრებში გამოსახული პირების იდენტიფიცირების მიზნით".

დღეს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალდებულად ცნეს კუდის ყოფილი უფროსი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა