ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი ირწმუნება, რომ ნინი ქარსელაძის კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას მომღერლის პოლიტიკურ შეხედულებებს გავლენა არ მოუხდენია. ქარსელაძე სახელისუფლებო პარტიას ღიად უჭერს მხარს. მერი მომღერლის შერჩევის კრიტერიუმზე On.ge-ს ესაუბრა.

კითხვაზე, როცა ხელშეკრულება ფორმდებოდა, იცოდა თუ არა ქარსელაძის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, მერი ასე პასუხობს:

"როცა ხელშეკრულებას ვაფორმებდით, მათი ნამღერის შესახებ, თავისთავად, ვიცოდი. პოლიტიკური შეხედულებები, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაში არ არის".

On.ge-ს შეთავაზებაზე, მერს დაესახელებინა რომელიმე ისეთი მომღერალი, რომელიც რეგიონში მიიწვიეს და ხელისუფლების საწინააღმდეგო საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია აქვს, სესიაშვილი ამბობს, რომ "მაგ კონტექსტში არ განიხილავს".

მერი ამბობს, რომ ქარსელაძე ახალსოფლის სოფლის დღესასწაულზე კონცერტს მარტო არ გამართავს და მასთან ერთად იქნებიან ქუჩის ბიჭებიც. სესიაშვილის თქმით, სულ 12-15 სიმღერა შესრულდება.

"ვინ გამოვკითხე და მიშა, გრიშა და რა ვიცი მე... მეტ-ნაკლებად სოფლის აზრი, საზოგადოების აზრი რაც მუსირებს, საშუალო შესაძლებლობის ფარგლებში, ის ჯგუფი ჩამოგვყავს", — განმარტა მან მომღერლების შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას.

როსტომ სესიაშვილმა ნინი ქარსელაძის კონცერტისთვის 6 249 ლარის დახარჯვის ბრძანებას ხელი გუშინ, 25 აპრილს გამოსცა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ამ მოცულობის თანხის დახარჯვა არ იგეგმებოდა და ახალი დოკუმენტი (4 999 ლარზე) ახლიდან გამოსცა.