ლეგენდარული წიგნის, მექანიკური ფორთოხლის აქამდე დაკარგულად მიჩნეული სიქველი ავტორის არქივში აღმოაჩინეს. დაუსრულებელი რომანი, სახელად მექანიკური მდგომარეობა, სტენლი კუბრიკის ეკრანიზაციის წარმატებასა და იმ კრიტიკაზე მოგვითხრობს, რომელიც ფილმს გამოსვლისთანავე მოჰყვა.

ნაწარმოები დაახლოებით 200 გვერდია და ის ადამიანთა მდგომარეობის შესახებ ფილოსოფიურ ნააზრევსაც მოიცავს. ნაბეჭდი ტექსტი ათწლულების განმავლობაში იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, მწერლის მიტოვებულ ბინაში ინახებოდა, სანამ ის 1993 წელს სხვა ნივთებთან ერთად ენტონი ბერჯესის საერთაშორისო ფონდს არ გადასცეს.

"რომანი დასრულებული არაა, თუმცა მასში ბევრი რამაა", - ამბობს ენდრიუ ბისველი, ფონდის თანამშრომელი, რომელმაც აღმოჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - "ყველა ფურცლის ერთად გადახედვის შემთხვევაში შეგიძლია წარმოიდგინო, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს".

წიგნის მთავარი თემა 1970-იან წლებში მცხოვრებ ადამიანებზე ტელევიზიისა და მასმედიის გავლენაა, რაც შეცვლილი სახით, თანამედროვე სამყაროშიც აქტუალური პრობლემაა. ერთგან ბერჯესი წერს: "მანქანების სამყაროში გამომწყვდეული კაცი ვეღარ იზრდება და საკუთარი თავი ვერასდროს ხდება". ავტორის თქმით, მექანიკური მდგომარეობა "არის გაუცხოება, რომელიც ნაწილობრივ მასმედიითაა გამოწვეული"

"ეს არის ბერჯესის აზრი იმაზე, რაც მას შეემთხვა, ცხოვრებაზე, რომელიც მისი წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა თავდაყირა დააყენა", - განმარტავს ბისველი.

ბერჯესმა ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე რომანი დაწერა, თუმცა არც ერთ მათგანს არ უმოქმედია მკითხველებზე ისე, როგორც მექანიკურ ფორთოხალს. ის Time-მა 1923-2005 წლებში დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა, კუბრიკის ლეგენდარული სურათი კი ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.