მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, ნარკოდანაშაულის საქმეზე, მის გირაოდ სანაცვლოდ გათავისუფლებაზე საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა. TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, მან გაიხსენა, თუ როგორ "მოითხოვა" თავის ადვოკატებთან, რომ ის "საკუთარი ფეხით შებრუნდებოდა" ციხეში, თუ ერთადერთი მსგავსი შემთხვევა იქნებოდა.

"ჩემს ადვოკატებთან ვსაუბრობდი, როცა საზოგადოებისგან წამოვიდა ამხელა აგრესია: თუ მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ვარ განთავისუფლებული იგივე მუხლით და სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანები წასული არიან ციხეში, მაშინ ჩემი ფეხით წავალ იქ და მითხრეს, არა ლევან, არაა ასე", — აცხადებს ჯიბღაშვილი.

ლევან ჯიბღაშვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 აპრილს გავრცელდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მსახიობის ადვოკატის განცხადებით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იპოვეს ბრალდებულს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ორი დღის განმავლობაში არც პროკურატურა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ბრალდებულის ადვოკატი მანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და სახეობას. 24 აპრილს შსს-მ განაცხადა, რომ ჯიბღაშვილის მანქანიდან 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღეს.