"ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს და მეტი რამ გააკეთოს, რათა მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლის პროცესი შეჩერდეს", — ამბობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ლიეტუვადან, რასა იუკნიავეჩინე. რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, მან აღნიშნა ისიც, რომ ასეთი პროცესები ნამდვილად არ დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში და ნატოში გასაწევრიანებლად. ნატოს ასამბლეის წარმომადგენელმა, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდაზე ბრიუსელში ისაუბრა:

"ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს, რა მიზეზით მიდის ხალხი ქვეყნიდან. მოსახლეობას სურს, უკეთესად იცხოვროს და ამისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებს. მთავრობამ უკეთ უნდა აუხსნას ხალხს, რა ვითარებაა საქართველოში. მართლა არსებობს პრობლემები, თუ ყალბ ამბებს ავრცელებენ".

24 აპრილს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ევროკავშრთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა:

"ეს [სიძნელეები] არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები — ზოგიერთი მათგანი — ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება".