ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ ახალსოფლის სოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად ნინი ქარსელაძის კონცერტის ჩატარება ადგილობრივების მოთხოვნით გადაწყდა. ამის შესახებ მერის კომენტარი რეგინფომ გაავრცელა.

"მომღერლები ჩამოდიან იმის მიხედვით, თუ რა სურს ადგილობრივ მოსახლეობას. მეტნაკლებად კვლევას ატარებენ ადგილობრივი წარმომადგენლები. გასულ წელსაც იყვნენ ჩამოსულები ქუჩის ბიჭები გავაზში. წელს მარტო ნინი ქარსელაძე არ იმღერებს, ჩამოდიან ქუჩის ბიჭებიც", – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ნინი ქარსელაძის კონცერტი ახალსოფლში, რომელიც 30 აპრილს გაიმართება ადგილობრივ ბიუჯეტს 6 249 ლარი უჯდება.

"რამდენადაც მომღერალი ნინი ქარსელაძე-ჟორდანია სარგებლობს დიდი პოპულარობით, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, აღნიშნული კონცერტი შექმნის სადღესასწაულო განწყობას, როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის", — ვკითხულობთ მუნიციპალიტეტის მიერ ამ მომღერალის კონცერტის გამართვის დასაბუთებაში.