საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, დავით გარეჯში გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ქედს მიღმა მთამსვლელი ნაკადის შეიზღუდა.

"როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, ჩვენმა საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, ვმუშაობთ დარეგულირებაზე. თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებების ან ქმედებებისგან", — განაცხადა კონსტანტინიდმა.

როგორც მან აღნიშნა, საზღვრის ორი მესამედი შეთანხმებულია და დანარჩენ ერთ მესამედზე მუშაობა გრძელდება:

"გარკვეული პაუზა იყო იმის გათვალისწინებით, რომ კომისიების განახლება უნდა მოხდეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება და ეს ორმხრივი პროცესია და პარიტეტის გათვალისწინებით მოხდება, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება".

ინფორმაცია დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. გამოცემას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მესამე დღეა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ

"მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ", — განუცხადა არქიმანდრიტმა გამოცემას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მესაზღვრეები აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიან.