26 მაისის საქმეზე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, პროკურატურაში დაბარებული შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე პირველ რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურისთვის მას დაკითხვების დროს უკვე მიცემული აქვს ამომწურავი ინფორმაცია.

ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მყოფი ლორთქიფანიძე განმარტავს:

"მე საქართველოში ვიმყოფებოდი გასული წლის ივნისამდე და როცა პროკურატურას რაიმე კითხვა გააჩნდა, ან პოლიციას, ყოველთვის ვთანამშრომლობდი. დღეს მაქვს სამსახური, ვმუშაობ უკრაინაში, ნაციონალურ პოლიციაში, ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად, ვარ ძალიან დატვირთული და ჯერ არ მეკუთვნის შვებულება. აქედან გამომდინარე, როდის მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა ვერ გეტყვით".

პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან გიორგი ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა და გამოსაცხადებლად ორთვიანი გონივრული ვადა მისცა.

დღეს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალდებულად ცნეს კუდის ყოფილი უფროსი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.