პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ზე გამოჩდნენ ტროლები, რომლებიც რეალური სახელისა და გვარის მითითების გარეშე მოქმედებდნენ. მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, ტროლები პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მოქმედებას ამართლებდნენ და პანკისის ხეობის, ქისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გზავნილებს ავრცელებდნენ.

მასალაში ვკითხულობთ, რომ იდენტიფიცირებული ტროლები ორგანიზებულად ცდილობდნენ პანკისის ხეობაში მორიგი ჰესის მშენებლობის გამართლებას. ამისთვის ისინი სხვადასხვა პოსტის ქვეშ ტოვებდნენ კომენტარებს და ამტკიცებდნენ, რომ დაგეგმილი ჰესის პროექტი გარემოსთვის უსაფრთხო და უვნებელი იყო. კვლევის მიხედვით, ტროლები ცდილობდნენ, რომ ამ საკითხზე დისკუსია სოციალურ ქსელებში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ჭრილში განეხილათ. ისინი პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტების საპირწონედ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ასახელებდნენ.

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მასალაში ვკითხულობთ, რომ იდენტიფიცირებული ტროლები 21 აპრილს სპეცრაზმის ქმედებებს ამართლებდნენ. ტროლები პანკისელებს ქვების მსროლელებს უწოდებდნენ, სპეცოპერაციის მოწინააღმდეგეებს კი არეულობის მომხრეებად და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად მოიხსენიებდნენ.

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF

კვლევის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართლების პარალელურად ტროლები და ფეისბუქგვერდები ქისტების დისკრედიტაციას რელიგიური ნიშნით ცდილობდნენ.

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

კვლევაში წერია, რომ ტროლების მობილიზება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პანკისის მოვლენების გარშემო ორ ეტაპად გამოჩნდა. დისკრედიტაციის ტალღა პანკისის ხეობაში საია-ს ხელმძღვანელის, სულხან სალაძის ჩასვლას მოჰყვა. მეორე მოვლენა კი ექსპერტის, გია აბაშიძის 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტს
უკავშირდება, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ პანკისის ხეობაში სიტუაციას არასამთავრობო ორგანიზაციები რევენ და პროვოკაციულ ქმედებებს ჩადიან. კვლევის მიხედვით, აბაშიძის კომენტარი ტაბლოიდურმა მედიებმა, ახალშექმნილმა გვერდებმა გამოაქვეყნეს. მისი კომენტარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც გააშუქა.

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი (MDF)

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთხვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.

ტროლები სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადამიანებისა თუ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევიან და ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს ამართლებენ. ერთ-ერთი ასეთი იყო თიბისის ბანკის საქმე, მაშინ სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაციის მიზნით პოსტები გავრცელდა.

ამავე თემაზე: