ტედ ჯონასი ამერიკელი იურისტია, რომელიც 20 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. კერძო იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ის კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრია და გარემოსდაცვითი აქტივიზმითაა დაკავებული. ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის მავნე გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ. გასულ წელს კი ერთ-ერთი ავტომაგისტრალის წინააღმდეგ მიმართული პეტიციის თანაავტორთა შორის იყო.

თქვენს რამდენიმე სატელევიზიო გამოსვლაში და გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდით, რომ დროა გარემოსდაცვითი საკითხები სერიოზულად იყოს აღქმული. რა გაფიქრებინებთ, რომ ეს არაა ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტი?

იმ სტატიის დაწერისკენ, რომელშიც ამას ვამბობდი, რამდენიმე მიმდინარე მოვლენამ მიბიძგა. ერთი იყო ის, რომ მთავრობამ გააერთიანა გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც სინამდვილეში მის გაუქმებასა და სამინისტროს დონიდან დეპარტამენტის დონეზე დაყვანას ნიშნავდა. ჩემი აზრით, ისინი აკნინებდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელობას და ეს იყო გზავნილი, რომ გარემო არ არის მნიშვნელოვანი. ეს კი იმ დროს, როდესაც საქართველოში გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა/აქტუალობა იზრდებოდა.

მთავრობამ გააერთიანა გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაც სინამდვილეში მის გაუქმებასა და დეპარტამენტის დონეზე დაყვანას ნიშნავდა

ტედ ჯონასი

საქართველოში გარემოს დაცვაზე დიდხანს არ ფიქრობდნენ, იყო უკიდურესი სიღარიბე, არ იყო ინდუსტრიული საქმიანობა და გვქონდა "სიღარიბით გამოწვეული გარემოს დაცვა". საბედნიეროდ, ახლა ასე აღარაა. ეკონომიკა გაცილებით მეტად ვითარდება, აშენდა ჰიდროელექტროსადგურები, დაიწყო ბევრი ინფრასტრუქტურული მშენებლობა, მასობრივი ზრდაა ტურიზმში და არის ბევრი განვითარებითი პროექტი. ასე რომ, სწორედ იმ დროს, როდესაც მეჩვენებოდა, რომ ნამდვილად დროა საქართველომ გადადგას ნაბიჯები გარემოსდაცვითი ქმედებების აღსასრულებლად, მათ დაიწყეს სამინისტროს დაკნინება.

შემდეგ კი, იმავე პერიოდში, სახელმწიფომ დაიწყო 200 კმ სიგრძის გზის მშენებლობის პროექტი. სნოდან, ხევიდან ჯუთამდე, ხევსურეთის გავლით, ხევსურეთიდან თუშეთში და იქიდან პანკისში.

ხეობები კავკასიონზე არის ჩრდილო-სამხრეთით და გზებიც, ასევე, იყო ყოველთვის, ახლა კი ამ გზას უნდა გადაევლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ეროვნული პარკისა და ბიომრავალფეროვნებით ძალიან მდიდარი ტერიტორიების გადაკვეთით. მე კავკასიის ბუნების ფონდის საბჭოს წევრიც ვარ და ეროვნული პარკების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა. ეს არის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარკი და შოკი იყო, რომ მათ დაუშვეს, საერთოდ განიხილეს ამ საავტომობილო გზის მშენებლობა ტერიტორიაზე, რომელიც ბუნების მკაცრი დაცვის ზონა უნდა იყოს. მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ხელისუფლება აუქმებს სამინისტროს, რომ ააშენოს საავტომობილო გზები დაცულ ზონებში და აშენებს ჰესებს რაიმე გეგმის ან კონტროლის გარეშე. არ ვამბობ, რომ ყველა ჰესი ცუდია. ცუდი ისაა, რომ ისინი შენდება ყველაგან, სადაც კი მათი აშენება შეიძლება. ჩანს, რომ არ არის გეგმა.

მთავრობის პოლიტიკა აჩვენებს, თითქოს ჰესების მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, ეს ასე არ არის

ტედ ჯონასი

თქვენ ამბობთ, რომ ტურიზმიდან ქვეყანას მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია....

დიახ, გამოქვეყნებულ სტატიაშიც და ისეც, მინდოდა ხაზი გამესვა, რომ შეხედეთ, გაქვთ ტურიზმი, რომელმაც 2017 წელს 2 მილიარდი დოლარი მოუტანა ეკონომიკას. ეს მაშინ, როცა 18 მილიონი დოლარია ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსული თანხა. შეადარეთ 2 მილიარდი 18 მილიონს, რომელიც სწორედ ჰესებიდან და ენერგიის ექსპორტიდან შემოვიდა. მთავრობის პოლიტიკა კი აჩვენებს, თითქოს ჰესების მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკურად ნამდვილად არ არის ასე.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ რესურსებისა და იმ მახასიათებლების შენარჩუნება, რომელიც ქვეყანას აქვს და ტურიზმის ეკონომიკას ამოძრავებს. რა თქმა უნდა, გვჭირდება ენერგორესურსები და ამის შესახებ გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ. მაგრამ ვფიქრობ, ხალხმა უნდა დაინახოს ეს საკითხი ამ პერსპექტივითაც — როცა გარემოზე ვლაპარაკობთ, ეს ეკონომიკური საკითხიცაა. ესაა საუბარი იმის შესახებ, თუ რა ხდის საქართველოს მომხიბვლელს საერთაშორისო ტურისტებისთვის.

როცა გარემოზე ვლაპარაკობთ, ეს ეკონომიკური საკითხიცაა

ტედ ჯონასი

ცხადია ყველა ტურისტი ბუნებაში არ გადის, მაგრამ ყველა ტურისტულ რეკლამაზე, სადაც კი საქართველოზეა საუბარი, ნახავთ კავკასიის მთებს, ზურგჩანთიან მოგზაურებს და ისინიც კი, ვინც მთელ დროს თბილისსა და ბათუმში გაატარებს, ამბობენ: ოჰ, როგორი მშვენიერია ეს ქვეყანა, იქ უნდა წავიდე. ეს იმიჯი, ეს სახე, როგორც დაუჯერებლად მშვენიერი ბუნებრივი გარემოს მქონე ქვეყნისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაგნიტი და მისი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვიდრე ენერგეტიკის განვითარება.

ძალიან ბევრი ადამიანი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამავე თემებზე საუბრისას, რაზეც თქვენ საუბრობთ, "გარემოს დაცვისა" და "კონსერვაციის" საპირისპიროდ სიტყვა "განვითარებას" იყენებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ეს ციფრები საკმარისად დამაჯერებელი მათთვის, ვინც ამბობს, რომ კონსერვაცია განვითარების საწინააღმდეგო რამაა?

სინამდვილე ისაა, რომ არის ბიზნეს ინტერესები, მოგება ამგვარი მშენებლობებისგან. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ბევრ სამშენებლო კონტრაქტს ქმნის, იქნება ეს გვირაბების მშენებლობა თუ სხვა. იგივეა გზების მშენებლობაზეც. ეს არის მცირე, შერჩევითი ჯგუფი ქართული ბიზნესებისა, რომელიც იღებს მოგებას ამ პროექტებიდან და რომელსაც აქვს ახლო კავშირები მმართველ პარტიასთან.

ეს არ ეხება მხოლოდ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ეს ასე ხდება ნებისმიერ სხვა მთავრობასთან და აქაც კი, ამერიკაში, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიები დაკავშირებულნი არიან მთავრობასთან.

როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 200 მილიონი დაიხარჯება ამა თუ იმ პროექტზე, უნდა წავიდეთ ამის მიღმაც და ვიკითხოთ, რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ის, რა სარგებელი იქნება მშპ-ის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ჰესები ძალიან ცოტა სამუშაო ადგილს ქმნის მაშინ, როცა გარემოზე უდიდესი მავნე ზეგავლენა აქვს, აზიანებს ტურიზმის ეკონომიკას ისეთ ადგილებში, როგორიც სვანეთია და ა.შ.

როცა იგეგმება 5-6 ჰესის აშენება სვანეთსა და რაჭაში, გვჭირდება კი ყველა მათგანი?

ტედ ჯონასი

მე არ ვარ ჰესების წინააღმდეგი. ბევრი სხვა ადამიანივით მაწუხებს ის, რომ ვხედავ, არ არსებობს გეგმა იმის შესახებ, სად და რამდენი ჰესი უნდა აშენდეს. როცა იგეგმება 5-6 ჰესის აშენება სვანეთსა და რაჭაში, გვჭირდება კი ყველა მათგანი? თუ გვჭირდება ენერგოპოლიტიკა, რომელიც გვეტყვის, რომ შესაძლოა აქედან 2-3-ის გაკეთებაა საჭირო, იქნებ ამავე ენერგიას სხვა ადგილებიდანაც მივიღებთ და ა.შ. იქნებ შევავსებთ იმავე რაოდენობას ქარის ენერგიისა და ენერგოეფექტურობით დაზოგილი ენერგიის დამატებით?

ეს არის ფულის ჩაყრის ტენდენცია დიდ პროექტებში. რადგან ეს ფული არის ხელმისაწვდომი ინვესტორებისგან, საერთაშორისო დონორებისგან. ეს კარგად გამოიყურება, პოლიტიკურად შთამბეჭდავია. მაგრამ ესაა ფულის ჩაყრა პროექტებში, რომელთა ნახევარიც ალბათ საჭირო სულაც არაა, უფრო რაციონალური გეგმა რომ გვქონდეს და ისე ვუყურებდეთ.

ფიქრობთ, ეს სტრატეგიული ხედვის ნაკლებობის ბრალია?

ვფიქრობ კი, სურთ აჩვენონ, რომ ინვესტიციების ციფრები იზრდება, რომ ამ რაოდენობის თანხა დაიხარჯა. ასეთი პროექტები დროებით, მშენებლობის ეტაპზე ძალიან ბევრ ხალხს ასაქმებს, მაგრამ როდესაც ისინი მთავრდება, მათი ფუნქციონირებისთვის ძალიან ცოტა ადამიანის მუშაობაა საჭირო. მით უმეტეს, ტურიზმის ინდუსტრიასთან შედარებით, რომელიც ბევრი ადამიანის შრომას აერთიანებს. იქნება ეს ტურები, სასტუმროები, რესტორნები თუ სხვა. ეკონომიკაში ამდენ შემოსავალს ვერ შექმნი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გადაჭარბებული შენებით. მაგრამ ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც სხვა ინტერესი აქვთ, არ უყურებენ რეალურ სტატისტიკას.

ისიც პრობლემურია, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ბევრი კარგი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ძალიან ცოტა თუ აკვირდება გარემოს დაცვის საკითხებს. არ არსებობს კარგი მონაცემთა ბაზებიც იმისა, თუ როგორი უნდა იყოს შიდა ეკონომიკური პოლიტიკა, გარემოს დაცვა, ენერგოდაგეგმარება და ა.შ.

ეს თემები გაცილებით დიდ, გეოპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. საქართველოს, სხვებთან შედარებით, თითქმის 60%-ით ნაკლები სატრანზიტო გადასახადი აქვს დაწესებული, რაც აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუ გვინდა, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. გარდა ამისა, საჭიროა ერთგვარად საქართველოს რკინიგზის რეფორმირებაც და გადაზიდვების ნაწილის ამ მიმართულებით წარმართვა.

გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი იყო ისიც, რომ მაგალითად წინა ხელისუფლების დროს დაიწყო კვლავ საუბარი რუსეთ-საქართველოს იმ საავტომობილო გზის აღდგენაზე, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს კვეთს. შვეიცარიის მთავრობის შუამდგომლობით მოლაპარაკებები არც ისე წარუმატებელი იყო. მესამე მხარის კონტროლზე და სატრანზიტო მიმოსვლაზე რუსეთის ხელისუფლებაც მზადყოფნას აცხადებდა. თუმცა როგორც მაშინ ამბობდნენ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საბაჟო კონტროლის უფლებას ითხოვდა, ამაზე ცხადია საქართველო არ დათანხმდებოდა, რუსეთის წარმომადგენლები კი თავის მხრივ ამბობდნენ, რომ ცდილობდნენ ოკუპირებული ტერიტორიის დეფაქტო ხელისუფლების წევრების დათანხმებას, თუმცა წარუმატებლად, მეორე მხრივ კი არც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს სურდათ ზედმეტი სამოქალაქო მიმოსვლა ამ ტერიტორიაზე.

როდესაც ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად სხვადასხვა ნებართვის გაცემა მარტივდება, არის ეს წამახალისებელი პასუხისმგებლიანი საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესი დაიწყონ, თუ ეს უმეტესად მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებული ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებშია?

ვფიქრობ, ორივეა. 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი ბევრი რეგულაცია რჩებოდა, მოქალაქეები ქრთამით გზის გაკვლევას ყოველთვის ახერხებდნენ. სააკაშვილის მთავრობამ ეს შეცვალა და ეს მაშინ მართებული იყო, რადიკალური ტრანსფორმაცია იყო საჭირო. მაგრამ ბევრმა ადამიანმა ეს მიიღო არა როგორც დროებითი ზომა დერეგულაციისა, არამედ, რელიგია, დოქტრინა ლიბერტარიანული ფილოსოფიისა. შეხედულება, რომ ნებისმიერი ტიპის რეგულაცია არის ცუდი, სისულელეა და ეწინააღმდეგება ადამიანურ გამოცდილებას. დერეგულაციის საპირისპიროდ, არსებობს ჯანსაღი რაოდენობის რეგულაცია.

ქართულ ეკონომიკაში ბევრი რამ ხდება, რასაც სჭირდება რეგულაცია იმისათვის, რომ ხალხი არ მოიწამლოს საჭმლით, რომ წყალი და ჰაერი იყოს უფრო სუფთა და ა.შ.

ტედ ჯონასი

ახლა არსებობს წნეხი გარემოს გამო, ზედმეტი მშენებლობის გამო, დაბინძურების გამო, იმის გამო, რომ ხალხი იწამლება რესტორანში — ქართულ ეკონომიკაში ბევრი რამ ხდება, რასაც სჭირდება რეგულაცია იმისათვის, რომ ხალხი არ მოიწამლოს საჭმლით, რომ წყალი და ჰაერი იყოს უფრო სუფთა და ა.შ.

მეორე ფაქტორი არის ასოცირება, რომელიც ავალდებულებს საქართველოს, ჰქონდეს უფრო მეტი რეგულაცია, რაც საჭიროა უკეთესი და უფრო ჯანსაღი საზოგადოებისთვის. ეს მოკლე ვადაში გარკვეული თანხა ღირს, მაგრამ შორ, გრძელვადიან პერსპექტივაში რეგულირებულ საზოგადოებებს აქვს მეტი კეთილდღეობა, ძალიან ბევრი მიზეზის გამო.

არის ასეთი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის მართლაც ხელსაყრელი?

ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, მაგრამ მე მრჩება განცდა, რომ განვითარებულმა ბიზნეს-კომპანიებმა, ანუ ხალხმა, რომელსაც განვითარებულ, დასავლურ კაპიტალისტურ ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს, იცის, რომ რაციონალური რეგულაცია არ იქნება მათი მთავარი პრობლემა ბიზნეს საქმიანობაში. როგორც ადვოკატი, ბევრ უცხოელ ბიზნესმენს ვხვდები. როდესაც ისინი ხედავენ, რამდენად ცოტა რეგულაციაა აქ ყველაფერზე, თავიდან ფიქრობენ, რომ ეს კარგია, მაგრამ შემდეგ შოკირებულნი არიან. განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან მოდიან, გვეკითხებიან: კი მაგრამ, არ ფიქრობთ, რომ ეს უნდა რეგულირდებოდეს? გარდა ამისა, ქართული ოცნებისა და ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს შორის თავისუფალ ბაზართან და რეგულაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც ამბობენ.

ბევრი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და მთავრობის ამჟამინდელი წევრი სავსებით იზიარებს ლიბერტარიანულ ფილოსოფიას. ისინი ზოგიერთ რეგულაციას უყურებენ, როგორც ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც მათ ევროკავშირი აიძულებს და შიშობენ, როგორი იქნება ბიზნესის რეაქცია. რთულია საქართველოში რეგულაციების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების გამომუშავება, გააზრება, რომ გარკვეული ოდენობის რეგულაცია საზოგადოებისთვის სასარგებლოა და ქმნის მეტ ეკონომიკურ სარგებელს, უფრო მეტი კეთილდღეობის მქონე საზოგადოებას, სადაც გარემოც უფრო ჯანსაღია და სადაც მეტ უცხოელ ინვესტორს სურს თანხის ჩადება.

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ განვითარების პროექტების გადაჭარბებული და ზედმეტი მშენებლობა, როგორც პრობლემა. რამდენად დიდი პრობლემაა ეს თბილისისთვის?

წინა მთავრობის დროს, მშენებლებს მისცეს საშუალება გადაეხადათ ფული და ზონირების წესებიდან გამონაკლისი მიეღოთ, რაც წარმოუდგენელია, რადგან ზონირების წესები სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სუფთა ჰაერი და მწვანე სივრცეები გვქონდეს და არა იმიტომ, რომ ვიღაცას შეეძლოს ფულის გადახდით მიითვისოს ჩემი მწვანე სივრცე და დააბინძუროს ჰაერი. ქალაქის ხელისუფლებამ ახლა შეცვალა ეს წესები და ამ წესების აღსრულებით, ამიერიდან შენობები უნდა იყოს ლანდშაფტთან და გარემოსთან შესაბამისობაში. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ზოგიერთი დიდი მასშტაბის ნაგებობაზე ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს და ამ წესებისთვის გვერდის ავლა მოხერხდება.

თბილისში კი ჰაერის დაბინძურება, გადაჭარბებული განაშენიანება, საცობები, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ მიმართულებით წნეხი არათუ გარემოსდამცველი აქტივისტებისგან, არამედ ბიზნეს საზოგადოებიდანაც გაიზარდა

ტედ ჯონასი

თბილისში კი ჰაერის დაბინძურება, გადაჭარბებული განაშენიანება, საცობები, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ მიმართულებით წნეხი არათუ გარემოსდამცველი აქტივისტებისგან, არამედ ბიზნეს საზოგადოებიდანაც გაიზარდა. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს ცუდი ხარისხის საწვავთან, ავტომობილების ინსპექციასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ოჯახის წევრებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და გარდა ამისა, ისინიც ვეღარ შეძლებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, თუკი თბილისი საცხოვრებლად გამოუსადეგარი ქალაქი იქნება. ეს ამ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.

ის, რომ თბილისი უფრო მეტად ჰგავდეს ევროპულ ქალაქებს, ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კარგი ტროტუარები, კარგი სასეირნო ადგილები, დაბინძურებისა და მანქანების რაოდენობის კონტროლი, განვითარების კონტროლი. გვინდა, რომ ვგავდეთ ვენას, თუ სტამბოლსა და თეირანს? ესაა თბილისის წინაშე არსებული შეკითხვა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეს შეიძლება წავიდეს ნებისმიერ მხარეს. დიდი ზიანია მიყენებული, მაგრამ სრულად განადგურებული არ არის. თბილისი შეიძლება კვლავ განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ბერლინსა და ვენას ჰგავდეს, ან პირიქით, დაემსგავსოს სტამბოლსა და თეირანს, სადაც ყოველი წერტილი, სივრცე ათვისებულია და ცუდი ჰაერია. როგორც წესი, ქართველები უფრო ევროპულ გზას ირჩევენ ხოლმე, რათა უფრო ევროპული საზოგადოება და უფრო ევროპული ცხოვრება ჰქონდეთ.

პანორამა თბილისისა და თაბორის მთის პროექტები არღვევს თბილისის განაშენიანების წესებს

ტედ ჯონასი

თქვენ ხშირად აკრიტიკებთ პანორამა თბილისის პროექტსაც. გაწუხებთ მისი ქალაქგანვითარების წესებთან შეუსაბამობა, თუ ეკონომიკურ ნაწილთანაც გაქვთ კითხვები?

ჩემი კრიტიკა პანორამა თბილისისა და მისი მავნე ტყუპისცალის, თაბორის მთის პროექტის მიმართ ძლიერია და მრავალმხრივი. ეს პროექტები არღვევს თბილისის განაშენიანების წესებს, რომლებიც 80-იანი წლებიდან მოქმედებდა. ამ ლანდშაფტის ნაწილებს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს და იქ განაშენიანება დასაშვები გახადეს. თაბორის მთის პროექტისთვის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლს, ბოტანიკურ ბაღს მოაკლეს მიწა და გადასცეს პროექტს. თავისუფლების მოედანზე კი სასტუმროს მშენებლობა ძველი თბილის განვითარების წესების სრული დარღვევით დაიწყო. წინა ხელისუფლებამ იგივე გააკეთა სასტუმრო ბილტმორის შემთხვევაშიც, და ეს ახლაც გრძელდება.

პროექტების შესახებ ყველაზე უარესი ის არის, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს შენობები აშენდა, ისაა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პროექტები იყო

ტედ ჯონასი

ჩემთვის პანორამისა და თაბორის მთის პროექტების შესახებ ყველაზე უარესი ის არის, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს შენობები აშენდა, ისაა, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პროექტები იყო. ადამიანისა, რომელსაც თავისი პოზიციის გამო ჰქონდა ძალაუფლება, თავისუფლების მოედნის სასტუმროსთვის მიეღო გამონაკლისები ზონირების წესებიდან; მიეღო რეკლასიფიცირება მთაწმინდაზე არსებული ქონებისთვის; მიეღო შეცვლილი სტატუსი თაბორის მთაზე. პროცესი, რომელიც მისმა პროექტებმა 6 კვირაში გაიარა, ნებისმიერი სხვა კომპანიის შემთხვევაში 2 წელზე მეტხანს გასტანდა. ქვეყნისთვის, რომელიც ეფუძნება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, მიუღებელი უნდა იყოს, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს მმართველ პარტიაზე გავლენის გამო, განაშენიანების განსაკუთრებული წესები მიიღოს.

ეს არაა მხოლოდ კულტურული და გარემოსდაცვითი დესტრუქცია, ესაა კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ამბავი. ამბავი, სადაც ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ერწყმის.

თაბორის მთის პროექტისთვის, იქ, სადაც გოლფ კლუბი უნდა იყოს, ქალაქიდან მიმავალი გზა გააკეთეს, იმ არგუმენტით, რომ ქალაქის ცენტრიდან შინდისი-კოჯორის მიმართულებით ხალხი საცობების გარეშე წასულიყო. მაგრამ მიჰყევით ამ გზას, როგორც კი ამ პროექტის მიდამოებს გასცდებით, ის წყდება, აღმოჩნდებით შინდისის ჩვეულებრივ, სოფლის ტიპის მოუასფალტებელ გზაზე. ჩვენი გადახდილი გადასახადებით ამ გზის აშენების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ივანიშვილის პროექტებამდე მისასვლელი გაკეთებულიყო.

როგორ ფიქრობთ, ეს ტენდენციაა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იღებენ გამონაკლისებს, თუ ეს კვლავ სტრატეგიული განვითარების ხედვის ნაკლებობას უკავშირდება?

ჩემი აზრით, ეს არაა ტენდენცია და ვიმედოვნებ, მეტი დიდი პროექტის აშენება მას აღარ სურს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ტენდენცია სხვა მიმართულებით წარიმართება. ქალაქის ახალმა მერმა ზონირების ახალი რეგულაციები წარმოადგინა, შეიძინეს ახალი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტობუსები, არის მცირე პროგრესი, სულ მცირე მცდელობა მაინც. დაიწყო ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირება. კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მერი ცდილობს მართებულად მოიქცეს.

ბოლო წლებში გარემოსდაცვითი საკითხები ქალაქის ხელისუფლების — მერისა და საკრებულოს წევრების — არჩევნებში ერთ-ერთი წამყვანი საკითხი გახდა. როგორ ფიქრობთ, ნიშნავს ეს იმას, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებისგან ამის მოთხოვნას ხედავენ?

გარკვეულწილად ეს ნამდვილად არის გარემოსდაცვითი აქტივისტების წარმატება, რომელთაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. ქუჩის აქტივიზმი პრობლემის მიმართ საზოგადოების ყურადღების მობილიზაციას ახდენს. თუმცა, მაინც მგონია, რომ აუცილებელია ადმინისტრაციულ პროცესებში მეტი ჩართულობა. აქტივისტები და მოსახლეობა, ცხადია გამონაკლისების გარდა, იშვიათად თუ იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორიცაა საჯარო განხილვებში მონაწილეობა, ნებართვის გაცემამდე ადმინისტრაციული ორგანოსთვის წერილის მიწერა და ა.შ.

ამასთან, მგონია, რომ თბილისში არსებული მდგომარეობით, განსაკუთრებით კი ჰაერის დაბინძურებით, ბიზნესის წარმომადგენლებიც შეწუხდნენ. ამ თემაზე ფიქრი ე.წ. ელიტის წევრებმაც დაიწყეს და შესაძლოა ნაწილობრივ ამიტომაც გაიზარდა წნეხი.

რაც შეეხება პროცედურული საშუალებების გამოყენებას, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიონზე გზების გადატარების შესახებ პროექტს, სწორედ ასე, ბევრი სხვადასხვა საშუალებით დავუპირისპირდით, შევქმენით და გავავრცელეთ პეტიცია, გამოვიყენეთ პოლიტიკური ინსტრუმენტები, საუბარი დონორ ორგანიზაციებთან, საპარლამენტო კომიტეტთან და ა.შ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გზის პროექტის სამი ცუდი ნაწილიდან, რომელიც ეროვნულ პარკებს კვეთდა, ხელისუფლებამ ორზე უარი თქვა. ხევსურეთიდან როშკასკენ მიმავალი კი ჯერ კიდევ ძალაშია და ჩვენც ისევ ვიბრძვით.