ბიზნესის ხელშეწყობაზე სახელმწიფოს "მნიშვნელოვან როლზე" მოსახლეობის ინფორმირებისთვის ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. სსიპ აწარმოე საქართველოში ამ თანხის ფარგლებში მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვას გეგმავს.

"საზოგადოებაში უნდა დამკვიდრდეს აზრი, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკვე შეუქცევადია, ბიზნესგარემო კი გამოირჩევა სტაბილურობითა და ხელმისაწვდომობით", — ვკითხულობთ ამ კამპანიის მნიშვნელობის აღწერაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ კამპანიის ფარგლებში აწარმოე საქართველოში მიერ შემუშავებული მექანიზმები "განსაკუთრებულად" უნდა გამოიკვეთოს, სახელმწიფომ კი "როგორც ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების ავტორმა, უნდა დაიმკვიდროს პარტნიორისა და მხარდამჭერის იმიჯი".

"კამპანიის დახმარებით მოსახლეობამ უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოებისა და ზოგადად, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით... საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, აუცილებელია გამოჩნდეს საქართველოში არსებული საწარმოების რაოდენობა, მათ შორის დიდი, საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოებიც", — აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.