ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში სამიტი დაიწყეს. ეს კიმის რუსეთში პირველი ვიზიტია.

პუტინი კიმ ჩენ ინს შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეხვდა, სადაც ორდღიანი სამიტი გაიმართება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებას ხელს შეუწყობს და რუსეთი შეძლებს ამაში წვლილის შეტანას.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თქვენს ძალისხმევას კორეათაშორისი მოლაპარაკებების გაუმჯობესებითვის და აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ მათი მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს მათი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას.

პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ჯერ ვიწრო და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში ორ საათს გაგრძელდება. სამიტის ბოლოს რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არ იგეგმება.

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცი

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში 24 აპრილს ბრონირებული მატარებლით ჩავიდა, რომლითაც წლების წინ მამამისი, კიმ ჩენ ირი მოგზაურობდა რუსეთში. ამავე მატარებლით კიმ ჩენ ინი ვიეტნამში აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. სამიტი იმართება იმის ფონზეც, რომ ჰანოეს სამიტზე აშშ-მ და ჩრდილოეთ კორეამ სანქციების გამო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

როგორც ცნობილია აქამდე კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. 2002 წელს პუტინმა მოლაპარაკებები გამართა კიმ ჩენ ირთან, რომელიც, ასევე, ვლადივოსტოკში იყო ჩასული. მანამდე კი, 2000 წელს პუტინი ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა და გახდა რუსეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას ეწვია.

ფოტო: Alexander Zemlianichenko / AP

პუტინი გახდა მეექვსე ლიდერი, რომელსაც კიმ ჩენ ინი შეხვედრია მას შემდეგ, რაც ჩრდილოთ კორეის ლიდერი გახდა და 2018 წელს ქვეყნიდან გასვლა დაიწყო. პირველი იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, შემდგომ კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯეი ინი. გარდა ამისა, მან ორჯერ გამართა სამიტი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და იმ ქვეყნების — ვიეტნამი და სინგაპური — პრემიერ-მინისტრებს, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.