დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა "წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენაა". ამის შესახებ მან პოსტი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა:

"ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ ქართული ოცნების ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით – "მეტი ბრალდება – მეტი პრემია!"...
მოგეხსენებათ, ე.წ. 26 მაისის აქცია, იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული გახლდათ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ.
რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ".

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავებების ფაქტზე, ბრალდებულად იქნენ ცნობილი კუდ-ის ყოფილი უფროსი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.