ბოლო დროს ჩინეთში სულ უფრო ბევრი ოჯახი არჩევს საყვარელი ადამიანების ნეშტის მიწასთან ახლებური წესით მიბარებას. ასეთ დროს დასაფლავების ცერემონიალიც თავისებურია: მაგალითად, პეკინის გარეუბანში არსებულ ტიანშოუს სასაფლაოზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, როგორ გადაადგილდებიან გოლფის მანქანები მიწის მომცრო ნაკვეთებს შორის. აქ ადამიანების ფერფლი ბიოდეგრადირებად დოქებშია მოთავსებული.

ასეთი სასაფლოებისთვის განკუთვნილ ადგილას 2,000 დოქზე მეტი ეტევა. დოქები მიწაში ფენებად, ყველანაირი მონიშვნის გარეშე იმარხება. შედარებისთვის, იმავე ტერიტორიაზე მხოლოდ 500-600 ტრადიციული საფლავი თუ დაეტეოდა.

ოფიციალური პირები ცდილობენ, ეკო-სასაფლაოები მეტად პოპულარული გახადონ, რადგან ჩინეთის ქალაქებში გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვისთვის საკმარისი მიწა აღარაა. პარალელურად კი საფლავის ნაკვეთის ფასები იმდენად ძვირდება, რომ ერთი კვადრატული მეტრი სახლის ფართისაზე მეტიც კი ჯდება. ამ სიტყვებსაც უკვე ხშირად გაიგონებთ: "სიკვდილს ვერ შევწვდები" ან "დასაფლავებას ვერ შევწვდები".

შვიდი ოჯახი საყვარელ ადამიანთა ნეშტს პეკინის გარეუბანში, ტიანშოუს სასაფლაოზე მიწას აბარებს.

ფოტო: Tianshou Yuan

Qingming jie-ზე ანუ საფლავთა წმენდის ფესტივალზე ჩინეთის სასაფლაოები ხალხით ივსება. ადამიანები საფლავების გასუფთავებით, საკვების მიტანითა და საკმეველისა და ქაღალდის ფულის დაწვით მიაგებენ წინაპრების ხსოვნას პატივს. მოსახლეობის უმეტესობა ტრადიციულ საფლავებს სტუმრობს, მაგრამ ნელ-ნელა სულ მეტი ჩინელი ირჩევს იაფ ალტერნატივას.

დასაფლავების კერძო კომპანია ტიანშოუ, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო საქმეთა ბიუროსთან თანამშრომლობით მოსახლეობას უფასო ეკო-დასაფლავების სერვისს სთავაზობდა, აცხადებს, რომ მწვანე საფლავებზე მოთხოვნა იზრდება.

"ეკო-სასაფლაო საოზაგოებაში უფრო მიღებული ხდება. თავდაპირველად ყველა თავს იკავებდა, მაგრამ ორი წლის რეკლამირების შემდეგ ხალხი მზადაა სიახლის მისაღებად", - აცხადებს ტიანშოუს მარკეტინგისა და დაგეგმარების დირექტორი, სუნ ინგი, - "ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი და მეტი ადამიანი მიმართავს დაკრძალვის ამ მიწის ფართის დამზოგველ მეთოდს".

ზღვაში დაკრძალვა და ციფრული ყვავილები

წინაპრების თაყვანისცემის 2,500 წლიანი ტრადიციების შეცვლა ჩინეთში ძნელი და დროში გაწელილი პროცესია. ქვეყნის სხვადასხვა მხარეში განსხვავებული წეს-ჩვეულებებია, მაგრამ დაკრძალვის კულტურა მთლიანი მოსახლეობის გამაერთიანებელი და თაობათა შორის კავშირის გამამყარებელი, საკვანძო ტრადიციაა.

ჩინეთის სწრაფი ურბანიზაციის შედეგად, ოჯახებს, რომლებმაც თავის დროზე წინაპრები სახლის განაპირა მიწის ნაკვეთებზე დაკრძალეს, დღესდღეობით ახალი საფლავებისთვის ადგილები გამოლეული აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ ხალხი წინასწარ ყიდულობს მიწის ნაკვეთებს იმის შიშით, რომ ფასები კიდევ გაიზრდება. ზოგს ბიზნესიც კი აქვს წამოწყებული - დიდი მოცულობის ფართს ერთბაშად ყიდულობს, რათა მომავალში ნაწილ-ნაწილ გაყიდოს.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სასაფლაოს ადგილები მოთხოვნად უძრავ ქონებადაა ქცეული. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა პეკინი, საფლავის საშუალო ფასი $14,000 დოლარზე მეტია. პეკინის ისეთ პოპულარულ სასაფლაოზე კი, როგორიც ტიანშოუა, ტრადიციული სასაფლაო ნაკვეთის ღირებულებამ $42,000-საც კი შეიძლება მიაღწიოს. უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ ზოგ ქალაქში ადამიანებმა არჩიეს, გარდაცვლილი ნათესავების ფერფლის მოსათავსებლად ცალკე ბინა შეეძინათ.

მთავრობამ განკარგულებებითა და წამახალისებელი პროგრამებით სიკვდილის ცნებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა უკვე სცადა. 2016 წელს ოფიციალურმა პირებმა გამოსცეს გზამკვლევები ველურ ბუნებაში დასაფლავების წესის დამკვიდრების ხელშესაწყობად. კანონმდებლობაში სექტემბერში შეტანილი ცვლილების თანახმად კი, ადგილობრივი მთავრობა ვალდებულია, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადოს საჯარო სასაფლაოებს, რამაც საფლავების ფასის შემცირება უნდა გამოიწვიოს.

ეკო-დასაფლავების ცერემონიალზე გოლფის მანქანებს დამკრძალავი ფურგონის მსგავსად რთავენ.

ფოტო: Tianshou Yuan

შანხაიში ზღვაში დასაფლავების ტრადიციის დასამკვიდრებლად ოჯახებსა და დამკრძალავ ოპერატორებს სუბსიდიებს სთავაზობენ. სხვა ქალაქებში მწვანე სასაფლაოების გამოყენების წახალისებას ცდილობენ. მაგალითად, Anxian Yuan-ის სასაფლაო, რომელიც ჯეძიანის აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს, ოჯახებს უზრუნველყოფს მობილური აპლიკაციით. მისი საშუალებით გარდაცვლილთა ნათესავებს საფლავის სიახლოვეს ამოზრდილ ხეზე ან სხვა საგანზე QR-კოდის სკანირება შეუძლიათ. რეალური საფლავების მოვლის ნაცვლად, ოჯახები ანთებენ ციფრულ სანთლებს ან ტოვებენ ციფრულ ყვავილებს გარდაცვილი ადამიანებისათვის.

მაგრამ ყველა ძალისხმევას წარმატებით არ ჩაუვლია. გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ძიანსის სამხრეთ პროვინციაში ოფიციალური პირები ახორციელებდნენ ნულოვანი დაკრძალვის პოლიტიკას. იმ კადრებმა, სადაც საფლავებს ატირებული ხალხის წინ ამტვრევდნენ - ერთ შემთხვევაში კი გვამი პირდაპირ ოჯახის თავლწინ გადმოაგდეს მიწაზე - საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

"რიგითი ჩინელი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ ის მიწაში არ დაიმარხება", - ამბობს ანთროპოლოგი კეპინგ ვუ, რომელიც შიან ჯიაოტონ-ლივერპულის უნივერსიტეტში რელიგიასა და სოციალურ მახსოვრობას ასწავლის.

ვუს სჯერა, რომ დასაფლავების ჩვეულების შეცვლას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, - "ვფიქრობ, რომ ადამიანების დამოკიდებულება დასაფლავების წეს-ჩვეულებებზე ახალ თაობებში შეიცვლება. ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ოცი-ოცდაათი წლისანი არიან, სავარაუდოდ, დიდად არ ანაღვლებთ, დაიმარხებიან თუ არა მიწაში. ასე რომ, მწვანე სასაფლაოები მომავალში შეიძლება ტრენდადაც კი იქცეს".