ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით უკვე ჩავიდა. ის 25 აპრილს პირველად შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. ამავე მატარებლით რუსეთში სამჯერ იყო ჩასული კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი. ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერისთვის ეს პირველი ვიზიტია რუსეთში.

როგორც BBC-ს რუსული გამოცემა წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სადგურზე რუსული დელეგაცია შეხვდა — შორეული აღმოსავლეთის განვითარების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრიმორიეს მხარის გუბერნატორი.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ კიმ ჩენ ინმა ბაბუამისის, კიმ ირ სენის სახლი მოინახულა, რომელიც 1986 წელს მისი ვიზიტისთვის აშენდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი არაა:

"ეს მხოლოდ დასაწყისია", — აღნიშნა მან, ისევ მატარებელში ჩაჯდა და ვლადივოსტოკში გაემგზავრა.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ხუთშაბათს ვლადივოსტოკში გაიმართება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავა ვლადიმერ პუტინი.

როგორც გამოცემა კომერსანტი წერდა, სამიტი შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება, რომელიც კუნძულ რუსკიზე მდებარეობს. აქვე იცხოვრებს კიმ ჩენ ინი.

სამიტი პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირადი შეხვედრით დაიწყება და შემდგომში გაფართოებული ფორმატით გაგრძელდება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ლიდერები ისაუბრებენ ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე, ბირთვული განიარაღების პრობლემასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.