მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იპოვეს ბრალდებულს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ნარკოტიკის რაოდენობა დიდ ოდენობას შეესაბამებოდა. მისივე თქმით, ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ადვოკატი ისევე, როგორც პროკურორი არ ასახელებენ თუ რა სახის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს ჩანთაში. პროკურორის თქმით, საუბარია 2 სხვადასხვა ნარკოტიკზე.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯიბღაშვილს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას დაუდგენდა. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ დეტალებზე თავად მსახიობი ისაუბრებს.

ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ნაწილობრივ გაიზიარა.

პროკურატურის მოითხოვდა ჯიბღაშვილმა 15 000 ლარიანი გირაო გადაეხადა და მანამდე პატიმრობაში დარჩენილიყო. დაცვის მხარემ კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის ეს მოთხოვნა ნაწილობრივდააკმაყოფილა. ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 000 ლარი განესაზღვრა და თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლოს მოთხოვნით მსახიობმა ნარკოლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

"მადლობა უფალს განსაცდელისთვის" — განაცხადა ჯიბღაშვილმა სხდომაზე და მედიას ობიექტური გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ, 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.