გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე ანათემას გადასცა. მათი ინფორმაციით, ისინი ანათემაზე "მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო" გადასცეს.

ბიბლიური თავისუფლების გავრცელებულ განცხადებაში წულუკიანისა და გიორგაძის მისამართით ვკითხულობთ:

  • ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ;
  • ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ;
  • სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ;
  • ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ;
  • ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ;
  • იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს;
  • Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ;
  • ბახტაძეს მართლა ემართეთ;
  • ბიძინას მიეტოვებინეთ;
  • სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად თამაზ ახობაძე დაგხვედროდეთ.

გირჩი ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში სდებს ბრალს. პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ On.ge-ს უთხრა, რომ გირჩის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი, რომელმაც მთაწმინდაზე გადაწერის შესახებ იუსტიციის სახლს მიმართა, ახალ მისამართზე დარეგისტრირებულები ამ დრომდე არ არიან.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება პროცესს სპეციალურად აფერხებს. მისი განმარტებით, საბუთის ჩაბარების შემდეგ ორ დღეში ხდება ახალ მისამართზე რეგისტრირება. თუმცა, გირჩის რამდენიმე მხარდამჭერების შემთხვევაში, განაცხადის გაკეთებიდან ერთი კვირაც არის გასული და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის.