ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, დაგროვებითი პენსია ჰგავს გადასახადს, თუმცა ფუნდამენტურად ასე არაა და "ამაშია მთელი მარილი". მინისტრმა საპენსიო სისტემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ რეფორმაზე განმარტებების გაკეთება სთხოვა და დაინტერესდა "უზრდის თუ არა ხარჯს საპენსიო რეფორმა ადამიანებს და გადასახადს დამსაქმებელს".

ივანე მაჭავარიანმა ბოკერიას პასუხად თქვა, რომ თუ საპენიოს სისტემა თუ სავალდებულო არ გვექნება "განწირულები ვიქნებით დაბალი პენსიისთვის".

"დაგროვებითი პენსია ნიშნავს, რომ დავაზღვიოთ სამომავლოდ გადასახადების ზრდა, რომ მომავალ მთავრობებს, თქვენნაირი პოპულისტების ზეწოლის ქვეშ რომ იქნებიან, ხელი არ გაექცეთ და გადასახადები არ გაზარდონ. დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლა ნიშნავს მომავალში გადასახადების ზრდის პრევენციას. ის გავს გადასახადს მოგროვების თვალსაზრისით, რადგან სავალდებულოა და მიბმულია ხელფასზე. ის არ არის ფუნდამენტურად გადასახადი და ამაშია მთელი მარილი. ის არ მიემართება იმ მიზნებისთვის, რასაც კლასიკური გადასახადი წარმოადგენს", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გიგა ბოკერიამ დაზუსტებისკენ მოუწოდა მინისტრს და კიდევ ერთხელ ჰკითხა "უზრდის თუ არა ხარჯს ეს საპენსიო რეფორმა ადამიანებს". გიგა ბოკერიას თქმით, მან პასუხი ვერ მიიღო და მინისტრი დროს წელავდა. შემდგომ, ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს პოლიტიკა საბოლოოდ გაზრდის სამუშაო ადგილებს პირველივე წლიდან.