"ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, არის ქვეყნის მტერი", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჰესებთან დაკავშირებით განაცხადა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ჰესების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს.

"გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელება შეფერხებულია. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე", — ამბობს კალაძე.

მისივე განცხადებით, ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და როცა წყლის დიდი რესურსი არსებობს, ამის რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს.

"რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული რუსეთზე, აზერბაიჯანზე, როცა ჩვენ ჩვენი რესურსი გვაქვს. გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ გავიტანოთ აქ წარმოებული ელექტროენერგია თურქეთში და თურქეთის გავლით სხვა ქვეყნებში", — აღნიშნა კალაძემ.

21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთხვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.