საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ საპენსიო სქემა უკვე დატოვა 2 915 ადამიანმა. მათგან უფრო მეტი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. ესენი არიან 40 წელს გადაცილებულები ადამიანები და აქვთ არჩევანის უფლება — დარჩნენ ან გავიდნენ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან.

ლევან სურგულაძის ცნობით, სულ სქემაში ჩართულია 747 774 ადამიანი, აქედან საჯარო სექტორში დასაქმებული 187 472-ია, კერძო სექტორში კი — 581 439. ორივე სექტორში მომუშავეთა რიცხვი 21 137 ადამიანია.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, სქემიდან გასვლის უფლების მქონე 294 852 მონაწილე ფიქსირდება. აქედან კერძო სექტორში დასაქმებული 228 006-ია, საჯარო სექტორში — 78 047, ხოლო საჯარო და კერძო სისტემიდან — 11 201 დასაქმებული.

სურგულაძისვე ცნობით, სულ ფონდის ღირებულება ამჟამად 145 573 875 ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 784 313 ლარი.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე პარლამენტს სააგენტოს მუშაობის 100 დღის შეჯამებას აცნობს.

დაგროვებითი პენსია

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი — სახელმწიფო.

სააგენტოს ხელმძღვანელი 50 წლის ლევან სურგულაძეა. შესაბამისად, მას ამ სქემაში ჩართვის ვალდებულება არ აქვს. მისი ხელფასი კი 15 ათასი ლარია.

გაიგე მეტი: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე — მოკლედ