უკვე შეგვიძლია, 2019 წელი კინო და ტელესამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წლად შევრაცხოთ. ამისთვის უამრავი მიზეზი გვაქვს, ერთ-ერთი მთავარი კი მარველის Avengers: Endgame არის, რომლის პრემიერაც 26 აპრილს შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერამდე ჯერ კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ნაწილმა ის უკვე ნახა და ფილმის ფანებს ტვიტერზე პირველი შთაბეჭდილებებიც გაუზიარა.

მაგალითად, Collider-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც ენდგეიმით აღფრთოვანებას ვერ მალავს, ყველას ურჩევს კინოთეატრში წასვლას და მარველის ახალი საოცრების ნახვას.

ფილმით აღფრთოვანებულია Fandango-ს რედაქტორი ერიკ დევისიც.

"აი, ასეთი უნდა იყოს 22 ფილმის ნამდვილი კულმინაცია. ენდგეიმი არამხოლოდ ამთავრებს ისტორიას, არამედ ავსებს კიდეც. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვა ფილმების შესახებაც გაიგებთ მეტს. ხო, კიდევ, რა გასაოცარი დასასრული იყო!", — წერს დევისი.

გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ფილმით აღფრთოვანება თითქმის ყველა იმ ადამიანმა გამოთქვა, ვინც ენდგეიმი უკვე ნახა:

"ერთადერთი რაც შემიძლია ფილმზე ვთქვა, არის ის, რომ ტირილს ვერ ვწყვეტ"

"ეს იყო ბრწყინვალე კულმინაცია იმისა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვუყურებდით. სამსაათიანი ფილმი სავსეა სიურპრიზებით და დასრულების შემდეგაც კი, უფრო მეტი გინდა"

"ვტიროდი, ვიცინოდი და ვოცნებობდი, ტონი სტარკი მამაჩემი ყოფილიყო"

"ეს იყო იმ 11-წლიანი ეპოქის არაჩვეულებრივი შეჯამება. ეჭვგარეშეა, ეს მარველის საუკეთესო ფილმია"

როგორც ხედავთ, მარველის ფანები ფილმით მონუსხულები არიან. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის შედგება ფილმის პრემიერა საქართველოში.

ამავე თემაზე: