პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განიხილეს. პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე.

კერძოდ, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია.

მისივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია იქნება ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს. ზალკალიანმა აღინიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ, ასევე შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას.

საქართველო აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას. უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება "კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ". მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ისრაელთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან.