დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო მეტ ბავშვს აქვს მომატებული დასავლეთ საქართველოში, ვიდრე აღმოსავლეთში.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. კვლევის მიხედვით, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო სვანეთსა და იმერეთში ბავშვების 50%-ზე მეტს სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ აქვს.

ხოლო10 მკგ/დლ-ზე მაღალი ან ტოლი შემცველობა აჭარაში მცხოვრები ბავშვების 50%-ს და გურიაში მცხოვრების 44%-ს აქვს მაშინ, როცა შიდა ქართლსა და კახეთში ეს მაჩვენებელი 4%-ს შეადგენს.

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა (MICS) ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შეგროვდა ბავშვების, ოჯახების და ქალების მდგომარეობის შესახებ მაღალი ხარისხის მონაცემები, რომელთა შედარებაც შესაძლებელია საერთაშორისო მონაცემებთან.

ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში.

ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP-MS). კვლევის ცდომილება 2 პროცენტული პუნქტია.