Acer-მა პროდუქტის ხაზები გაძლიერებული მოდელებით განაახლა და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.

Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს.

Concept D-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპების და კომპიუტერების სწრაფი 3D რენდერის დროით, მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რისი წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ თავის ბრწყინვალებაში იხილავენ. MacBook-თან შედარებით, Concept D-ს გამოსახულების გაუმჯობესებული სიზუსტე აქვს, ამიტომ ვიზუალური მასალა ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც იყო ჩაფიქრებული.

Acer-მა ასევე განაახლა უკვე არსებული ტექნიკის ხაზები. გეიმერებისთვის განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით. ძლიერი კომპონენტების გამო, გეიმერები შეძლებენ დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.

Nitro სერიის ახალ გეიმერულ ლეპტოპებში Intel-ის მეცხრე თაობის პროცესორი და Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათი მოქცეულია მხოლოდ 20 მილიმეტრიანი სისქის კორპუსში, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თამაშების გაშვებას უმაღლესი გრაფიკული პარამეტრებით ყველგან შეძლებთ, სადაც კი მოგესურვებათ.

პროდუქტიულობაზე ორიენტირებული Aspire-ის ნოუთბუქების სერია განახლდა გაძლიერებული მოდელებით. Aspire 5 და Aspire 7 ნოუთბუქები აღჭურვილია AMD Radeon-ისა და Nvidia-ს ახალი ვიდეობარათებით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორით, რისი წყალობითაც ეს ლეპტოპები ყველანაირ საქმეს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებიან - გრაფიკულ პროგრამებს, თამაშებს, მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების ჩართვას და ა.შ. ეს ლეპტოპები ერთგული ასისტენტები გახდებიან ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

ახალი ბიუჯეტური Chromebook 714 და Chromebook 715 აღჭურვილია ელეგანტური, მეტალის კორპუსით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორებით, რისი მეშვეობითაც ისინი ყველანაირ საოფისე პროგრამას, ბევრ ჩაკეცილ ფანჯარასა და მსუბუქ გრაფიკულ პროგრამებს მარტივად გაართმევენ თავს.