"ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონის შესაბამისად ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.

მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ შესაბამის ზომებს მიმართავს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

"ნარჩენის მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში" — წერია სამინისტროს განცხადებაში.

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კილოგრამი ჭვარტლი და 450 კილოგრამი სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

"ჭიაკოკონობა" აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს იმართება.