დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 10-დან 4 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ აღმოაჩნდა ბავშვთა 41%-ს, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე 25%-ს, ხოლო ≥10 მკგ/დლ 16%-ს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით აღნიშნული შედეგები საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. მისივე თქმით, კონსულტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დაწყება საჭიროა თუ სისხლში ტყვიის შემცველობა 40 მკგ/დლ-ს აღემატება.

როგორც სერგეენკო ამბობს, ყველა იმ ბავშვს, ვისაც ტყვიის მომატებული რაოდენობა აღმოაჩნდა, დამატებითი კვლევები ჩაუტარდება, რასაც გარემოს სინჯების აღებაც დაემატება:

"16 ბავშვში, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა მომატებული უკვე ჩავატარეთ ეს მეორე ეტაპის კვლევები. მათი ბუნებრივი ფიზიკური განვითარება ნორმის ფარგლებშია. მეორე სტრატეგიული ამოცანაა ამ ტყვიის წყაროს პოვნა".

რაც შეეხება ტყვიის წყაროებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

"უმრავლეს ქვეყნებში 80-90-იან წლებში წყარო იყო ბენზინი, ეთილირებული ბენზინი, მას შემდეგ, რაც ეს აიკრძალა ბევრ დასავლეთის ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან. რამდენჯერმე შეიცვალა 1999 წლიდან მოყოლებული, ნორმა ტყვიის შემცველობის ბენზინში და 2006 წლიდან სრულად აიკრძალა. 1999-1998 წლის კვლევების შედეგებით, საშუალო მაჩვენებლები ჩვენ გვქონდა 14-15 მკგ, დღეს ამ კვლევის მიხედვით, მედიანა არის 4 მკგ მთელ საქართველოში, ამ ბავშვებში, რაც ნიშნავს რომ დადგენილი ნორმის ქვემოთ. დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიიჩნევა ნორმად 5 მკგ, 5 მკგ 10 მკგ-მდე მსუბუქი მატებაა დაახლოებით ბავშვების 25 პროცენტში".

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. გამყრელიძე ამბობს, რომ ამ სხვაობასთან დაკავშირებით ბევრი ჰიპოთეზა არსებობს და ეს უკვე მომდევნო კვლევების საგანია:

"მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის ნიადაგის, წყლის. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მინიშნებით, შემიძლია, ვთქვა, რომ იყო დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე. დღეს აქაც ითქვა, რომ ნიადაგში ტყვია რომელიც ბენზინიდან ილექებოდა, წლობით რჩება, არაფერი გამორიცხული არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საგანი".

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა (MICS) ჩატარდა. ცენტრის განცხადებით, კვლევის ფარგლებში შეგროვდა ბავშვების, ოჯახების და ქალების მდგომარეობის შესახებ მაღალი ხარისხის მონაცემები, რომელთა შედარებაც შესაძლებელია საერთაშორისო მონაცემებთან.

ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში.

ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP-MS). კვლევის ცდომილება 2 პროცენტული პუნქტია.