აფგან მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"სასტიკად სტკივა თვალები, გართულებულია ურინალური სისტემის მდგომარეობა. იტანჯება სისხლის მაღალი წნევითა და დიაბეტის მეორე ტიპით", — წერს ის და აქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ციხის ექიმებს ამ დრომდე არ გაუსინჯავთ.

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: