ისტორიაში არსებობს პრეცენდენტები, რომელთა დახმარებითაც ადამიანთა ცოდნა ფართოვდება და ახალი კითხვები ჩნდება. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე უჩვეულო შემთხვევას ფსიქოლოგიაში, რომელმაც ჩვენი წარმოდგენა ადამიანთა ბუნებაზე სამუდამოდ შეცვალა.

1. ავერონის ველური ბიჭი

ფოტო: Wikipedia

1800 წელს საფრანგეთში, ავერონის ტყიდან უცნობი ბიჭი გამოვიდა. დაახლოებით 11-12 წლის ბავშვი, როგორც აღმოჩნდა, წლების განმავლობაში ტყეში ცხოვრობდა და, ველურ პირობებში გაზრდილმა არც ერთი ენა არ იცოდა. მასზე ზრუნვა ექიმმა ჟან მარკ გასპარ იტარმა გადაწყვიტა და მანვე შეურჩია ბიჭს სახელი, ვიქტორი.

ვიქტორის შესახებ ცნობები მალე მოედო მთელ მსოფლიოს. იტარმა უამრავი დრო გაატარა მასთან მუშაობაში და გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია, თუმცა შედეგები მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ვიქტორს აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ბიჭისთვის წერისა და საუბრის სწავლება 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ვერ შეძლო, ამ შემთხვევამ მომავალში სასწავლო მეთოდიკის განვითარება განსაზღვრა.

თუკი მანამდე ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვებს უიმედოდ თვლიდნენ და მათ განვითარებაზე დროს აღარ ხარჯავდნენ, ვიქტორის შემთხვევამ აჩვენა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, განვითარება ყოველთვის შესაძლებელია. მეთოდები, რომელთაც იტარი იყენებდა ვიქტორთან, დღეს საერთაშორისო პრაქტიკაშია დამკვიდრებული. გარდა ამისა, ვიქტორი რომ არა, არ იარსებებდა ლინგვისტიკაში "კრიტიკული პერიოდის" თეორია, რომლის თანახმადაც თუ ბავშვებს განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ენასთან შეხება არ ექნებათ, ისინი მომავალშ საუბარს ვერ ისწავლიან.

2. ადამიანი, რომელსაც თავისი ცოლი ქუდში აერია

ფოტო: Dia Dipasupil/Getty Images

ბრიტანელი ნევროლოგი ოლივერ საქსი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრ უცნაურ შემთხვევას შესწრებია. მის ერთ-ერთ წიგნში: "კაცი, რომელსაც ცოლი ქუდში აერია" აღწერს ადამიანს, რომელიც ვიზუალური აგნოზიით იტანჯებოდა. დაავადება ტვინის გარკვეულ უბნებს აზიანებს. პირი ვერ არჩევდა საგნებს ადამიანებისგან, მაგალითად, როდესაც თავის ცოლს უყურებდა, ის მის ნაცვლად ქუდს ხედავდა. ის ასევე ხედავდა სახეებს იქ, სადაც სახეები საერთოდ არ იყო.

"ქუჩაში ის ხშირად უსმევდა თავზე ხელს წყლის ჰიდრანტებსა და პარკირების გამზომებს, რადგან ისინი პატარა ბავშვები ეგონა. ის ხშირად ცდილობდა სავარძლებისთვის ხელის ჩამორთმევას და უკვირდა, რატომ არ სცემდნენ ისინი პასუხს", - წერდა საქსი.

3. ქალი, რომელსაც ყველგან დრაკონები ელანდებოდა

ფოტო: MANDEL NGAN/AFP/Getty Images

ეს შემთხვევა აღწერილია The Lancet-ის 2014 წლის სტატიაში "პროსოპომეტამორფოპსია და ჰალუცინაციები". საქმე 52 წლის დანიელ ქალს ეხება, რომელიც მთელი ცხოვრება ადამიანების სახეების ნაცვლად დრაკონების სახეებს ხედავდა. ოლივერ საქსი და მისი კოლეგები წერენ, რომ ქალის მიერ წარმოდგენილი დრაკონის სახეები შავი და მოგრძო იყო, მახვილი ყურებით, გამობურცული დინგითა და რეპტილიის მსგავსი კანით. მათი დიდი თვალები კი მოწითალო, მოყვითალო, ლურჯი ან მწვანე ფერის იყო.

დრაკონები ადამიანის სახეებთან ერთად კედლებზე, კომპიუტერის ეკრანებზე ან სიბნელეში ჩნდებოდნენ. საბოლოოდ, მკვლევარებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, თუ რა იწვევდა ჰალუცინაციებს.

4. ადამიანი, რომელსაც სურდა, სხვებს შეეჭამათ

ფოტო: TIMOTHY A. CLARY/AFP/GettyImages

ტორონტოს ფსიქიატრიის კლინიკის არქივში სწორედ ასეთი ადამიანის ისტორია ინახება. კანიბალიზმის საპირისპირო ფეტიშით, კაცი, სახელად სტივენი ირწმუნებოდა, რომ მას სურდა, დიდი, დომინანტი ქალისგან ყოფილიყო შეჭმული.

პაციენტი ძალიან სუფთა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მკვლევარებმა მისი ეს უცნაური სურვილი საშვილოსნოში დაბრუნებასა და დაბადების გაუქმების სურვილს დაუკავშირეს. ამ იდეას ადასტურებდა ისიც, რომ მას სურდა, რომ ჯერ ვინმეს სრულად გადაეყლაპა, შემდეგ კი სხეულიდან გამოედევნა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა მიზეზი, რის გამოც სტივენი ექიმებთან მივიდა - ის ღელავდა, რომ გეი იყო.

5. ქალი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე მუსიკას უსმენდა

ფოტო: Campbell Connelly & Co

პოპ ჟანრის მუსიკოსები ხშირად ცდილობენ ისეთი ჟღერადობის მუსიკის შექმნას, რომლის თავიდან ამოგდება საკმაოდ რთულია. ქალს, სახელად სუზან რუტს, ოთხი წლის განმავლობაში ერთი და იგივე სიმღერა უტრიალებდა თავში. პეტი პეიჯის სიმღერა How Much is that Doggie in the Window 1952 წლითაა დათარიღებული.

თერაპევტებმა სუზანის ხმოვან ჰალუცინაციას "მუსიკალური ტინიტი" დაარქვეს. ქალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მის ქმარს კომუნიკაციისთვის ყვირილი უწევდა, როცა ის თავში აჟღერებული მელოდიით იყო გართული. ეს იშვიათი დაავადება ღამით გაცილებით უარესდებოდა. სუზანი იძულებული იყო, ტელევიზორი ჩაერთო, რათა სხვა ხმაზე გადაეტანა ყურადღება და დაეძინა.

დიდი ხნის შემდეგ სუზანმა სხვა სიმღერა, Somewhere over the Rainbow ამოიჩემა.

აქვე იხილეთ პეტი პეიჯის სიმღერა, ოღონდ ფრთხილად მოუსმინეთ.