პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მოსამართლეების 2020 წლისთვის თანამდებობაზე განმწესებას გულისხმობს, უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე კონსულტაციები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გაიარა:

"ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია. დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია".

პრეზიდენტის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ფარული კენჭისყრის გაუქმებაზე, ერთგვარ უხერხულობას ქმნის: "2014 წელს ფარული კენჭისყრა იყო მათი რეკომენდაცია".

ვენეციის კომისია წერს, რომ ამ კანონში ძირითადი სირთულე არის ჩანაწერი ფარული კენჭისყრის შესახებ, რომელიც საბჭოში ორჯერ ტარდება. პირველად მიღებული ვაკანსიების გადარჩევისას და მეორედ, საბოლოო სიის კენჭისყრის დროს. ვენეციის კომისია წერს, რომ ესმის ფარული კენჭისყრის ჩანაწერის მოტივი კანონპროექტში.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ქართული ოცნების კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები 16 აპრილს გამოაქვეყნა. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო.

გაიგეთ მეტი: რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე — რეკომენდაციები