კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის მხრიდან მილოცვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ჯერ ნაადრევია საუბარი ზელენსკისთვის პრეზიდენტ პუტინის მილოცვაზე, ამასთანავე ერთად მუშაობის შესაძლებლობაზე. განსჯა შეიძლება მხოლოდ კონკრეტული საქმეებით", — განაცხადა პესკოვმა.

21 აპრილს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, მსახიობმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 73,15 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ — 24,52. ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პოროშენკომ მარცხი აღიარა და ზელენსკის გამარჯვება მიულოცა.

ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. რუსეთის ფედერაციიდან ზელენსკისთვის ჯერ არავის მიულოცავს. არჩევნებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და აღნიშნა, რომ "ურთიერთობების გაუმჯობესების შანსები ჯერ კიდევ არსებობს".