ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე პანკისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ "მისი განცდით, გარკვეულმა მტრულმა ძალებმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიყენეს სათავისოდ და სიტუაციის ესკალაციისთვის". კილაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ დაპირისპირების თავიდან აცილება შეიძლებოდა.

"თუ მოსახლეობის ნაწილს აქვს პროტესტი ჰესთან დაკავშირებით, უნდა მოვუსმინოთ და შევეცადოთ დავარწმუნოთ მისი აშენების აუცილებლობაში. მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და მათი პატივისცემა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თითეულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიციელსაც. მიუღებელია ის ძალადობა, რაც ვიხილეთ", — წერს სოფო კილაძე.

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.