"არა ძალადობას! არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას!", — ამ ლოზუნგით პანკისის ხეობის მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად თბილისში, პარლამენტის შენობასთან და ბათუმის ცენტრში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "არა დამანგრეველ ჰესებს", "არა კორუფციულ ჰესომანიას", "არა ჰესებს", "სისტემა მოძალადეა".

აქციის მონაწილეები ეხმაურებიან პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰესების მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარ რამდენიმესაათიან დაპირისპირებას.

"სოლიდარობა პანკისელებს", — აქცია თბილისში, 21 აპრილი

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

"სოლიდარობა პანკისელებს", — აქცია ბათუმში, 21 აპრილი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"სოლიდარობა პანკისელებს", — აქცია ბათუმში, 21 აპრილი

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.