პანკისში ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია "ჰესის სარგებლიანობის" შესახებ ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ საჭიროა, ამაში მოსახლეობაც დაარწმუნონ:

"გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი", — ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ მდინარე ალაზანზე დაგეგმილი ჰესი "ხადორი 3" ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება.

ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ დაგეგმილი ჰესი "მცირე" და "მწვანეა". მთავრობა ასევე აღნიშნავს კომპანიის მიერ აღებულ "სოციალურ პასუხისმგებლობას", "განახლებულ გზებსა" და "ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას".

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ჰესის სარგებლიანობაში დასარწმუნებლად, პრემიერ-მინისტრის დავალებით გაემგზავრნენ პანკისის ხეობაში ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი.

"ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება", — ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების გავრცელებლის პარალელურად, პანკისის ხეობაში უხუცესებთან საუბრის შემდეგ შს მინისტრმა მოსახლეობას ადგილზე შეპირდა, რომ ჰესი მათი უმრავლესობის გადაწყვეტილების შემთხვევაში აშენდება.