შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დილიდან გრძელდება. უწყების მონაცემებით, დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 12 ადგილობრივი და 15 სპეცრაზმელი. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით":

"საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალური საშუალებებსაც".

მაშინ როდესაც თელავში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები — ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შსს განმარტავს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა და სწორედ ამიტომ "იძლებულები გახდნენ" დამატებითი ძალა გამოეყენებინათ. ადგილობრივების განცხადებით, ისინი ხეობაში დამატებითი ძალების შესვლამ გააღიზიანა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დილითაც გამოიყენა. ადგილობრივები ამბობენ, ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ. მათი თქმით, მშენებლობის შემთვევაში, ხეობის უნიკალური ეკოლოგიური სისტემისა და სოციალური გარემოს დაზიანების მაღალ რისკებია.