შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანში ჩავიდა და განაცხადა, რომ მოხდა "გარკვეული ექსცესი":

"მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ, როგორც საჭიროა", — თქვა გახარიამ და განმარტა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული ძალოსანი ყველას ინტერესს იცავს, მათ შორის ხეობის მოსახლეობას. როცა შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტრაქტორი და ტექნიკა იწვის, მე ვფიქრობ, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ".

გახარიას თქმით, ყოველთვის, ვინც იძალადებს და ხელს აღმართავს სამართალდამცავებზე, შსს იმოქმედებს სრული შესაბამისობით.

დღეს, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მედიის პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. ადგილობრივები ამბობენ, ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე "ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ.

გრძელდება ასობით ადამიანის პროტესტი, კვლავ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიციის ტექნიკა, მათ შორის წყლის სატყორცნი მანქანები.