ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ 20 აპრილს, საღამოს მას და ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის ხელმძღვანელს, ლევან ბერიანიძეს კლუბ ხიდის შესასვლელთან, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. On.ge-სთან საუბარში გიორგი თაბაგარი იხსენებს, რომ კლუბში დახურული ღონისძიება იყო, რიგში მდგარმა ოთხმა პირმა კი არ იცოდა ამის შესახებ. როგორც ის ჰყვება, მას შემდეგ, რაც მათ აუხსნა ღონისძიების შესახებ, ისინი შეურაცხმყოფელ და მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზე გადავიდნენ — იყენებდნენ ჰომოფობიურ ტერმინებს. თაბაგარის თქმით, მან კორექტულობისკენ მოუწოდა, ორი მათგანი კი ჯერ ლევან ბერიანიძეს, შემდეგ კი სხვებს თავს დაესხა.

"ლევან ბერიანიძეს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. მეც ხელზე მცირე დაზიანება მაქვს და კიდევ ორ ადამიანს მოხვდა გაშველებისას. ძალიან დამღლელი და დამთრგუნველია ეს ყველაფერი", — წერს გიორგი თაბაგარი.

ადგილზე იყო კრიმინალური პოლიცია. გიორგი თაბაგარის თქმით, შსს-ში მათ განუცხადეს, რომ თავდამსხმელები იდენთიფიცირებულები არიან. საქმეზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.