თბილისში ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა 2 030 ლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

როგორც უწყებაში ამბობენ, 19 აპრილს ბრალდებულებმა ბანკში შესვლის დროს სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.