საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრციის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია თანამდებობას დატოვების შესახებ განცხადებას ფეისბუქის საკუთარი გვერდის მეშვეობით ავრცელებს და წერს, რომ იგი პატრიარქის ფონდში ბრუნდება:

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს", — წერს ჟვანია და განმარტავს, რომ მან მარტში მიმართა პრეზიდენტს, "მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს" გაეთავისუფლებინა იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. ლაშა ჟვანიას თქმით, პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია:

"ჩემს მეგობრებს კარგად გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მე გადავსულიყავი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ წერილს დავურთე ჩემი "განცხადებისმაგიერი" ღია მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.
მისმა უწმიდესობამ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მიმართვა - გადავსულიყავი ადმინისტრაციაში, მაგრამ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება პატრიარქის ფონდიდან გათავისუფლების შესახებ.
ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან".

ლაშა ჟვანიას განცხადებით, საპატრიარქოში მას ახალი დავალებაც ექნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პატრიარქის ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე.

"მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ", — წერს ლაშა ჟვანია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებამდე, ლაშა ჟვანია საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი იყო.