ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი მათ მიერ წარმოდგენილ პროექტს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და უარი უთხრან ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს.

"კაცობრიობა გაიყო ორ ნაწილად, ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს არის ჩინჩალა-მურუსიძე. მე ვერ ვხვდები, ამ არჩევანში რატომ უნდა დავდგე ჩინჩალაძე მურუსიძის მხარეს და არა მთლიანად კაცობრიობის მხარეს. ერთადერთი შეიძლება იმიტომ, რომ შემეცოდოს ეს ორი ადამიანი, რადგან მთელი კაცობრიობა მას უპირისპირდება", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ეს მოსამართლეები ცოდოები არ არიან, რადგან ბოლომდე შეასრულეს თავისი ვალი ნაციონალური მოძრაობის წინაშე: "რაც ცუდი ხდებოდა, მნიშვნელოვანწილად, მათი დამსახურება იყო. ახლა ქართული ოცნება გადაყვება ამას ყველაფერს. ჩინჩალაძე-მურუსიძეს ნუ გადააყოლებთ ყველაფერს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდება ხალხო. არ იმსახურებს საქართველო, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძეს გადავყვეთ".

ფოფხაძემ გაიხსენა მისი და ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი და დეპუტატებს მოუწოდა მიიღონ გადაწყვეტილება თავისი სინდისითა და ემოციით და არა ვინმეს კარნახით.

"ჩვენ ხომ ამისთვის ვიბრძოდით, ხომ ამიტომ ვიყავით ოპოზიციაში? თუ სკამები გვინდოდა, კაბინეტები გვინდოდა, რომ კომფორტი გვეგრძნო პირადი და ამ კომფორტს მოვრგებოდით სულ ყველა. ნუ გადავაყოლებთ ამას, თუნდაც ჩვენს კომფორტის განწყობას იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში იქმნება და რისკენაც მივდივართ. გადაწყვეტილება მივიღოთ სინდისით, იმ ემოციებით, რითაც ჩვენ მოვდიოდით და ვიყავით პოლიტიკაში. ნურავის კარნახით, ნურავის სუფლიორობით ნუ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის შესახებ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს, 19 აპრილს უყრიან. ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა, მათ შორის არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა და ინტერესთა კონფლიქტის ნაწილი. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც სურს უზენაესის მოსამართლეობა გამოეთიშა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპს. ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია ფარული კენჭისყრის გაუქმების შესახებ და არც საბჭოს წევრებს ექნებათ გადაწყვეტილების მიღების დასაბუთების ვალდებულება.

ამავე თემაზე: