პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველგან, სადაც საზოგადოების თხოვნა იქნება, ქართული ფოლკლორისა და კულტურის ცენტრები გაიხსნება. მისი განმარტებით, ეს იყო ეკლესიის ინიციატივა, რომელსაც მთავრობა აუცილებლად გაითვალისწინებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ფოლკლორის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე, ბუნებრივია, პოლიფონია და საგალობლები ამის ნაწილია. რა თქმა უნდა, აქ შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი — ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესში", — თქვა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ეუფლება ქართულ პოლიფონიას და საგალობელს და დამატებით, კიდევ ექვსი სკოლა გაიხსნება.

"მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები. მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით — ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა, ილია ჭავჭავაძემ: "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა", რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, მას ვერ ექნება მომავალი. ისევე, როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე და მომავალზე", — აღნიშნა ბახტაძემ.