“თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ - ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს.

ფესტივალის პირველი წლის სლოგანი მუსიკა ათავისუფლებს დღეს უკვე თავისთავად განსაზღვრავს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით.

პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

15 აპრილიდან ფესტივალის ფეიჯზე ვიდეოები ყოველდღიურად ქვეყნდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობს.

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, გააჩნია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.

"ეს ფესტივალი იზიდავს სხვადასხვა წარმომავლობის, ეროვნების, ასაკის, რელიგიის, პროფესიისა და ფასეულობების მქონე ადამიანებს. მთელი ამ პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, რომ თავისუფალ სივრცეში შესაძლებელია განსხვავებული ადამიანების თანასწორობა"

ირაკლი ნადარეიშვილი, Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი

რუსუდან გოცირიძე

"ღმერთმა ყველა თანასწორად შეგვქმნა, სიყვარულისათვის, ბედნიერებისათვის, განურჩევლად ყველაფრისა"

ნიკა დვალიძე

"ოფენ ეარზე აბსოლუტურად არავითარი ჩარჩო და სტანდარტი არ არსებობს არავისთვის. მთავარი არის მუსიკა, რომელიც გვაერთიანებს და გვათავისუფლებს“.

მარიამ სანოგო

"Tbilisi Open Air, როგორც დიდი მუსიკალური პროექტი, 10 წლის მანძილზე აერთიანებს ყველა ტიპის ადამიანს და აძლევს დიდ თავისუფლებას"

ანასტასია პირველი

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მუსიკალური ფესტივალები, სადაც თანასწორობის იდეა არის დაცული"

ფესტივალის შესახებ

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში ფესტივალს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, საერთო ჯამში კი 1000-მდე არტისტი.

ფესტივალი წელს 21, 22 და 23 ივნისს გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.